ადამიანს ღორის თირკმელი წარმატებით პირველად გადაუნერგეს

მასაჩუსეტსის გენერალური საავადმყოფოს ქირურგების განცხადებით, ისტორიაში პირველად, ცოცხალი პაციენტისთვის ღორის თირკმლის გადანერგვის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას Forbs.com ავრცელებს.
პაციენტი 62 წლის რიკ სლეიმენია, რომელსაც ღორის გენეტიკურად მოდიფიცირებული თირკმლის ტრანსპლანტაციისთვის 4 საათიანი პროცედურა ჩაუტარდა.
საავადმყოფოს ინფორმაციით, გენეტიკური მოდიფიცირების შედეგად, თირკმელს „ღორის მავნე გენები“ მოაცილეს, რომლებიც სხვა ადამიანის გენებით ჩანაცვლდა – პაციენტთან თავსებადობის გასაუმჯობესებლად. ინფექციის რისკის აღმოსაფხვრელად, ექიმებმა დონორი ღორის ორგანოში პათოგენებიც გაანადგურეს.
პაციენტი მუდმივი დაკვირვების ქვეშ დარჩება, თუმცა თავს კარგად გრძნობს და საავადმყოფოდან სავარაუდოდ უახლოეს დღეებში გამოწერენ.
2018 წელს ჩატარებული თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდეგ – რომელიც წარუმატებელი გამოდგა – სლეიმენი დიალიზზე იმყოფებოდა. პაციენტს წლების განმავლობაში აღენიშნებოდა ჰიპერტენზია, ასევე დაავადებული იყო მეორე ტიპის დიაბეტით. დიალიზის დროს სლეიმენს სისხლძარღვთა მძიმე გართულებებიც განუვითარდა, რამაც სისხლძარღვების შედედება და უკმარისობა გამოიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ