ეროვნული ბანკი დამახინჯებულ სიგნალებს უგზავნის ბაზარს, ამის შესახებ პარლამენტის წევრი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
რომან გოცირიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე უცხოური ვალუტა რომ იყიდოს ან გაყიდოს, იმავე დღეს ხდება ცნობილი. თუ იგივეს გააკეთებს სხვა ტიპის აუქციონზე, რომელსაც Bmatch პლატფორმას ეძახიან, ინფორმაცია მომდევნო თვის 25 რიცხვში ხდება ცნობილი, ანუ ოპერაციის განხორციელებიდან დაახლოებით 25-55 დღის შემდეგ, იმის მიხედვით, წინა თვის რომელ რიცხვში ჩატარდა აუქციონი. ერთი და იგივე შინაარსის ოპერაციის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება ხდება დროის აბსოლუტურად განსხვავებულ ინტერვალში, რაც ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია.
ასეთი ქმედებით ეროვნული ბანკი დამახინჯებულ სიგნალებს უგზავნის ბაზარს, გაუგებრობაში ამყოფებს ბიზნესს, ექსპერტებს, საზოგადოებას, ინსაიდერული ინფორმაციის ექსკლუზიური ფლობა კი შეიძლება გახდეს არაჯანსაღი მანიპულაციების, მათ შორის კორუფციის წყარო.
დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ეროვნულმა ბანკმა მსგავსი მავნე პრაქტიკა და ისევე ოპერატიულად გაავრცელოს ინფორმაცია, როგორც ეს სავალუტო აქციონის მეშვეობით ვაჭრობისას ხდება,“ – წერს გოცირიძე.