სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა უკრაინაზე რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად

მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა რაკეტებით და დრონებით ზე ს დღევანდელ თავდასხმას.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხმელნიცკის ოლქში დაიღუპა სულ მცირე 2 ადამიანი და 8 დაიჭრა. სულ მცირე 1 დაღუპულის და 8 დაჭრილის შესახებ იუწყება ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფიოდოროვი.
დანგრეული და დაზიანებულია სახლები. უკრაინის ხელისუფლების თანახმად, რუსეთის მთავარი სამიზნე ენერგოობიექტები იყო. რუსეთის დღევანდელმა მასირებულმა შეტევამ უკრაინის 10-ზე მეტი ოლქი მოიცვა.
უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთის ერთ-ერთი სამიზნე იყო ზაპოროჟიეში მდებარე უდიდესი ჰიდროელექტროსადგური „დნეპროჰესი“.
ენერგოკომპანია „უკრჰიდროენერგოს“ ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა იერიში მიიტანეს „დნეპროჰესის“ კაშხალსა და ჰიდრონაგებობებზე. ენერგოკომპანიის თანახმად, კაშხალზე სიტუაციას აკონტროლებენ და ნგრევის საფრთხე არ არსებობს.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის, მიკოლა ოლეშჩუკის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს 63 დრონი და სხვადასხვა ტიპის 88 რაკეტა, მათ შორის 7 აერობალისტიკური „კინჟალი”. გენერალ ოლეშჩუკის თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 55 დრონი და 37 რაკეტა გაანადგურეს.
უკრაინაზე დღევანდელი მასირებული შეტევის შემდეგ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ დასავლელ პარტნიორებს კვლავ მოუწოდა, აღარ გადადონ უკრაინისთვის შემდგომი სამხედრო დახმარების საკითხის გადაწყვეტა, რადგან იარაღი ხალხის, სახლების და კაშხლების დასაცავად სჭირდებათ.

ასევე დაგაინტერესებთ