გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ისტორიაში პირველი რეზოლუცია ხელოვნური ინტელექტის რეგულირებაზე

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტს მიიღო ისტორიაში პირველი რეზოლუცია ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების განვითარებისა და გამოყენების გლობალური რეგულირების შესახებ. ამ დოკუმენტში, რომელიც შეერთებულმა შტატებმა შეიმუშავა, ლაპარაკია ხელოვნური ინტელექტის რეგულირების ერთიანი საერთაშორისო სისტემის შექმნის აუცილებლობაზე. გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია ერთხმად მიიღო.
-ის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში, ლინდა ტომას-გრინფილდი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს შეხვდა. მან ისაუბრა თავის არგუმენტებზე ასეთი რეზოლუციის მიღების სასარგებლოდ.
„რატომ უნდა იყოს ხელოვნური ინტელექტით დაკავებული ეს ორგანიზაცია, რომელსაც ამდენი ეგზისტენციალური საკითხის განხილვა უწევს? პასუხი მარტივია – ვინაიდან ხელოვნური ინტელექტი ეგზისტენციალურია“, თქვა ტომას-გრინფილდმა. „და არა მხოლოდ საფრთხის თვალსაზრისით, რომელსაც ის წარმოადგენს, არამედ შესაძლებლობებისაც, რომლებსაც ის იძლევა“.
ხელოვნური ინტელექტი უკვე გამოიყენება დაავადებათა დიაგნოსტიკისა და ბუნებრივი კატაკლიზმების პროგნოზისთვის, ის ფერმერებს ეხმარება მეტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მოყვანაში, მასწავლებლებს კი – მეტი რაოდენობის მოსწავლეთათვის სწავლებაში, თქვა ამერიკელმა დიპლომატმა.
ხუთშაბათს, 21 მარტს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მიესალმა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას.
„შეერთებული შტატები კვლავაც გააგრძელებს მუშაობას მთავრობებთან და სხვა პარტნიორებთან, რათა გარანტირებული იყოს, რომ ახალი ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის, პროექტირება, განვითარება, დანერგვა და გამოყენება, იყოს უსაფრთხო, საიმედო და სანდო,“ თქვა ბლინკენმა.

ასევე დაგაინტერესებთ