საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მზის ელექტროსადგური და თერმული სისტემების ლაბორატორია გაიხსნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური გადამზადების ცენტრში მზის ელექტროსადგური და თერმული სისტემების ლაბორატორია გაიხსნა.
ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, ღონისძიება გახსნა სტუ-ის ვიცე-რექტორმა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოში ს რესპუბლიკის ელჩი მატუშ ბუშოვკსი და საელჩოს წარმომადგენლები, სლოვაკეთის ტექნიკური უნივერსიტეტის (STU) მკვლევრები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი სამინისტროს, ასევე, საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA), საქართველოს ენერგოეფექტურობის ცენტრის წარმომადგენლები.
პროფესორმა თამარ ლომინაძემ მადლობა გადაუხადა სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს მხარდაჭერისთვის და სლოვაკეთის ტექნიკურ უნივერსიტეტს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. როგორც სტუ-ის ვიცე-რექტორმა აღნიშნა, მზის ელექტროსადგური და თერმული სისტემების ლაბორატორია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და სლოვაკეთის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატებული თანამშრომლობის შედეგად SLOVAKAID-ის დაფინანსებით დამონტაჟდა სტუ-ის ტექნიკური გადამზადების ცენტრში.
“საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე გაიხსნა კიდევ ერთი, ევროპული სტანდარტის უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მზის ელექტროსადგური და თერმული სისტემების ლაბორატორია აუცილებელია პროფესიული განათლების მიმართულებით დაინტერესებული სტუდენტებისათვის. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტი განახლებადი ენერგიების ტექნოლოგიების მემონტაჟეთა მომზადება/გადამზადების ოთხ მოკლევადიან პროგრამას, ოთხი მიმართულებით: ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობის მონტაჟი (მზის ფოტოელექტრული სისტემების მონტაჟი); ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობის მონტაჟი (მზის თერმული სისტემების მონტაჟი); ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობის მონტაჟი (ბიომასის ბოილერების დაღუმელების მონტაჟი); ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობის მონტაჟი (ზედაპირული გეოთერმული სისტემების და თბური ტუმბოების მონტაჟი), სთავაზობს დაინტერესებულ პირებს. ისინი ამ სივრცეში გაივლიან სწავლებას. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს, სლოვაკეთის ტექნიკურ უნივერსიტეტს და წარმატებები ვუსურვო ენერგეტიკის ფაკულტეტს”, – განაცხადა თამარ ლომინაძემ.
სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და სლოვაკეთის ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლობის შედეგად წარმატებით განხორციელდა პროექტი – „საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებისა და შესაძლებლობების გაძლიერება გარემოს დაცვის სფეროში“, რომელშიც ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებიც იყვნენ ჩართულნი.
„ენერგეტიკის ფაკულტეტზე მოქმედებს მემონტაჟეთა გადამზადების ოთხი მოკლევადიანი პროგრამა. სასიხარულოა, რომ მალე კიდევ ოთხ ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას დავიწყებთ, რაც შესაძლებლობას მოგვცემს გადავამზადოთ ოთხი მიმართულების ენერგოაუდიტი. ფაკულტეტს ექნება რვა პროფესიული გადამზადების პროგრამა, რომელიც, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება როგორც უნივერსიტეტის, ასევე, ქვეყნისთვის. მზის ელექტროსადგური და თერმული სისტემების ლაბორატორია კი მაღალკვალიფიციური კადრის მომზადების ერთ-ერთი მთავარი პირობაა. ლაბორატორია მაქსიმალურად უნდა იყოს სტუდენტებით დატვირთული და მაქსიმალურად უნდა მოვარგოთ სტუდენტებს, ჩავატაროთ სხვადასხვა კვლევა და ა.შ. სტუდენტებს, გარდა იმისა, რომ მუშაობის პრინციპები უნდა ვასწავლოთ, ასევე, უნდა მივცეთ საშუალება, ნახონ რა სიკეთეს გვაძლევს მზის ენერგია, როგორც ცხელი წყლის, ასევე ელექტროენერგიის გამომუშავების თვალსაზრისით. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს პროექტის განხორციელების ინიციატივისთვის, ასევე, სლოვაკეთის ტექნიკურ უნივერსიტეტს პარტნიორობისთვის”, – აცხადებს ლენა შატაკიშვილი.
სტუ-ის ინფორმაციით, მზის ელექტროსადგური და თერმული სისტემების ლაბორატორია გაიხსნის ღონისძიების დასასრულს, ჩატარდა ორსექციიანი სემინარი, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც ქართველი, ასვე სლოვაკი მკვლევრები და სამეცნიერო წრის წარმომადგენლები.

ასევე დაგაინტერესებთ