„გაგზავნა უფრო მეტი ჯდება, ვიდრე თვითონ ნაკეთობა. საკურიერო მომსახურეობაც გაძვირდა“ – Ninka handmade

„Ninka handmade“ ქართულ ბაზარზე 2019 წელს გამოჩნდა. კომპანია ხის ნაკეთობებს აწარმოებს. მისმა საწყისმა კაპიტალმა $5000 შეადგინა.
„Ninka handmade-ის“დამფუძნებლის თქმით, ყველაზე მოთხოვნადი ნივთი ხის ზარდახშებია, ნივთების შეძენა კი როგორც სახელოსნოდან, ასევე ონლაინაა შესაძლებელი.
„ვაწარმოებ ხის ნაკეთობებს. ნივთები ინდივიდუალური წარწერებით მზადდება. სახელოსნო სახლშია მოწყობილი და ნივთების შეძენა როგორც აქედან, ასევე ონლაინაა შესაძლებელი.
რაც შეეხება ყველაზე მოთხოვნად ნივთს, ყველაზე ხშირად ხის ზარდახშებს უკვეთავენ“.
მისი თქმით, თვის მანძილზე შეკვეთების რაოდენობა 30-მდე აღწევს. სადღესასწაულო პერიოდში კი მატულობს.
„შეკვეთების რაოდენობა, ჩვეულებრივ თვეებში 30-მდეა. სადღესასწაულო პერიოდში კი მათი რაოდენობა იზრდება. ასევე, კორპორაციული შეკვეთებიც მქონია.
ნივთების ფასი ინდივიდუალურია, მოდელებიდან გამომდინარე. 5 ლარიდან იწყება (ბრელოკები) და 50 ლარამდე ადის (ნაკრებები)“.
როგორც კომპანიის დამფუძნებელმა აღნიშნა, ბოლო ორი წლის მანძილზე, შეკვეთების რაოდენობამ იკლო.
„ჩემი მომხმარებლები ადგილობრივები არიან. პანდემიის პერიოდში, შეკვეთების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა. შემდეგ კი, კლება შეინიშნება. დაახლოებით 2 წელია, რაც ეს ტენდენცია შეინიშნება. საკუთარი მაღაზიის გახსნა მაქვს გეგმაში (შორეულ პერსპექტივაში), მაგრამ ასეთი ტენდენცია თუ გაგრძელდა, ვერ გავხსნი“.
„Ninka handmade“ გზავნილის საფასურიდან გამომდინარე უცხოურ პლატფორმაზე ვერ გადის. ქართულ რეალობაში კი პრობლემას კურიერებთან მიმართებით წააწყდა.
„უცხოურ პლატფორმებზე გასვლა მინდოდა, მაგრამ გაგზავნა ძალიან ძვირი ჯდება. გაგზავნა უფრო მეტი ჯდება, ვიდრე თვითონ ნაკეთობა. საკურიერო მომსახურეობაც გაძვირდა.
ერთი პერიოდი, კურიერებთან მიმართებით წავაწყდი პრობლემებს. ვინაიდან ინდივიდუალურ შეკვეთებზე ვმუშაობ, არის შემთხვევა, როცა მინდა ერთი შეკვეთა გავაგზავნო, ძალიან ბევრმა უარი მითხრა. პრეტენზიები ჰქონდათ, რომ მინიმუმ ორი ამანათი უნდა ყოფილიყო.
კარგი იქნება, მცირე მეწარმეებს რაღაც შეღავათები გვქონდეს. ძალიან მინდოდა დამექირავებინა ედვერთაიზერი, მაგრამ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და არ გამომდის“.