საფრთხე „ტიკტოკიდან“ – სენატში დახურული მოსმენა იმართება

ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურების ოფიციალური წარმომადგენლები „ტიკტოკიდან“ მომდინარე საფრთხეების შესახებ ამერიკელ სენატორებს ინფორმაციას მიაწვდიან. შეხვედრა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებს შორის სენატში დახურულ კარს მიღმა წარიმართება.
ოფიციალურ მოხსენებას ვაჭრობისა და დაზვერვის კომიტეტების წევრები მოისმენენ. მათ შორის იქნებიან ორივე კომიტეტის თავმჯდომარეები მარკ უორნერი და მარია კანტველი, ასევე სენატორები მარკო რუბიო და ტედ კრუზი.
შეხვედრას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს ის ფაქტიც, რომ გასულ კვირას ამერიკის წარმომადგენელტა პალატამ მხარი დაუჭირა კანონის პროექტს, რომელიც ჩინურ ByteDance-ს აიძულებს ექვსი თვის ვადაში გაასხვისოს „ტიკტოკში“ არსებული მისი წილი, წინააღმდეგ შემთხვევაში ამერიკაში „ტიკტოკი“აიკრძალება. წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილების შემდეგ, ახლა გადაწყვეტილება ამერიკის სენატმა უნდა მიიღოს. ამერიკელ სენატორებს დღეს დაგეგმილი შეხვედრა დაეხმარება იმის შეფასებაში, თუ რამდენად დიდია საფრთხე, რომელიც „ტიკტოკს” უკავშირდება.
„ტიკტოკს“ ბოლო მონაცემებით ამერიკაში 170 მილიონი ადამიანი იყენებს და პლატფორმას საკუთარი მცირე ბიზნესის მხარდასაჭერადაც იყენებს. მომხმარებელთა ნაწილი, ამერიკელი კანონმდებლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „ტიკტოკის“ დაბლოკვის შესახებ არ ეთანხმება.
თავის მხრივ „ტიკტოკში“ ამბობენ, რომ მათ ამერიკელი მომხმარებლების მონაცემთა ბაზის დაცვის კუთხით არაერთი ნაბიჯი გადადგეს და დახარჯეს 1.5 მილიარდ დოლარზე მეტი, რათა ამერიკელ მომხმარებელთა მონაცემთა ბაზები ამერიკის შეერთებულ შტატებში განეთავსებინათ.
„ტიკტოკის“ აღმასრულებელი დირექტორი შოუ ზი ჩუ ამბობს, რომ „ტიკტოკს“ ჩინეთის ხელისუფლებისთვის არასდროს გაუზიარებია მონაცემთა ბაზები და არც მომავალში აპირებს ამის გაკეთებას. თუმცა ამერიკაში ფიქრობენ, რომ ჩინეთში მოქმედი კანონები, რომელიც კომპანიებს ხელისუფლებასთან თანამშრომლებას ავალდებულებს, ამ მტკიცებას ეწინააღმდეგება.
სენატში დაგეგმილ შეხვედრაზე სავარაუდოდ იქნებიან ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს, ეროვნული დაზვერვისა და იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები. ისინი სენატორებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ, რომლებიც „ტიკტოკის“ ამერიკაში საქმიანობას უკავშირდება.