შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, სასაზღვრო პოლიციის ახალი ვერტმფრენი ღამით სამაშველო ღონისძიებას ვერ ჩაატარებს – “ეს ვერტმფრენი ახლა ღამე მიფრინდება, ხეობაში შეფრინდება, დაჯდება და ვიღაცას აიყვანს, ეს პრობლემა ამასაც აქვს, ყველა ვერტმფრენს აქვს ასეთი პრობლემა”.
შინაგან საქმეთა მინისტრს ევროოპტიმისტების წევრმა რომან გოცირიძემ დაუსვა შეიკითხვა შოვის ტრაგედიის თავიდან აცილების შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ შსს-ს ახალი ვერტმფრენები ეყოლებოდა.
“ერთი ვერტმფრენი გადმოგვეცა, თუმცა ჯერ არ ჩამოსულა, ამინდებიდან გამომდინარე, ხვალ ან ზეგ დაიძვრება პირველი საფრენი აპარატი. ეს ახალი საფრენი აპარატია, ბევრად კომფორტულია, თუმცა ის, რომ ეს ვერტმფრენი რომ გვყოლოდა, რაც გაჟღერდა, რომ იქ ყველას გადავარჩენდით და ესე მოხდებოდა, ეს არის სიცრუე, შემიძლია თუ თქვენი ნება იქნება, მოვიყვანო, ვინც არიან ამის პროფესიონალები, ექსპერტები და აგიხსნან, მე მათ მოყოლილს გიყვებით ხოლმე, ღამე ვერც ეს ვერტმფრენი ვერ იფრენს, ეგ იცოდეთ, შეუძლია, იგივე რაც შეუძლია დღევანდელ ვერტმფრენებს რაც ჩვენ გვყავს, აფრინდეს ბათუმის აეროპორტიდან და ჩამოფრინდეს თბილისის აეროპორტში, თუ ქარიშხალი, ჭექა-ქუხილი არ არის საფრენ ზონაში, იგივე პრობლემები აქვს ამ ახალ ვერტმფრენსაც ანუ ის, რომ ეს ვერტმფრენი ახლა ღამე მიფრინდება, ხეობაში შეფრინდება, დაჯდება და ვიღაცას აიყვანს, ეს პრობლემა ამასაც აქვს, ეს ყველა ვერტმფრენს აქვს ასეთი პრობლემა” – თქვა გომელაურმა.
სასაზღვრო პოლიციას თანამედროვე, ახალი, ევროპული ტიპის H145 ვერტმფრენი შეემატა. ვერტმფრენი 12 მარტს ქართულ მხარეს გერმანიაში, Airbus Helicopters-ის საწარმოში გადასცეს.
2022 წლის 19 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხელშეკრულება გააფორმა ფრანგულ კომპანია Airbus Helicopters-თან სამი H145 ვერტმფრენის შეძენასთან დაკავშირებით. შემდეგი ორი ბორტის გადმოცემა ქართული მხარისთვის 2024 წლის ივნისამდე იგეგმება.