უკრაინაში დაადასტურეს კავშირი რუსეთის ქალაქ ენგელსზე დრონებით შეტევასთან

რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსზე დრონებით შეტევა უკრაინის სპეცოპერაცია იყო. ამის შესახებ ორი გამოცემა წერს უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენლებზე დაყრდნობით.
ენგელსზე, სადაც ს სამხედრო-საავიაციო ბაზა მდებარეობს, უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში 20 მარტს, გამთენიისას, განხორციელდა. ადგილობრივი ტელეგრამ-არხები ოთხი აფეთქების შესახებ იუწყებოდნენ.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, ანონიმურობის დაცვის პირობით, გამოცემა „რბკ-ს“ განუცხადა, რომ ეს მათი „გეგმური სამუშაო“ იყო და შედეგები ჯერ საბოლოოდ დაზუსტებული არ არის.
გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ინფორმირებულმა წყარომ დაზვერვის მთავარი სამმართველოდან უთხრა, რომ უკრაინული წარმოების კამიკაძე-დრონი „ლიუტი“ თავს „შესანიშნავად აჩვენებს“ და ენგელსის „დემილიტარიზაცია და დეკომუნიზაცია გაგრძელდება“. წყაროს თანახმად, დრონებით დარტყმის შედეგები დაზუსტების ეტაპზეა.
სარატოვის ოლქის გუბერნატორმა რომან ბუსარგინმა დილით ტელეგრამით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქ ენგელსზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო, თუმცა საჰაერო თავდაცვის სისტემამ „დროულად და ეფექტიანად იმუშავა“. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სარატოვის ოლქში „გაანადგურეს“ თვითმფრინავის ტიპის ოთხი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი. შედეგების შესახებ რუსეთის ხელისუფლებას არაფერი უთქვამს
რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქი ენგელსი უკრაინის ტერიტორიიდან დაახლოებით 600 კილომეტრითაა დაშორებული. ამ რაიონზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა ადრეც იყო. მათ შორის 2022 წლის დეკემბერში, როცა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ენგელსის სამხედრო აეროდრომზე დრონებით შეტევის შედეგად სამი რუსი სამხედრო დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ