„უფრო ნაკლებ აგრესიას გამოიწვევს თუ ვისაუბრებთ ხელზე ასაღებ საშუალო ხელფასზე, რომელიც 1594 ლარია“ – გიგა თვაური

„ზოგიერთი ადამიანისთვის გამაღიზიანებელია იმაზე საუბარი, რომ საშუალო ხელფასი გაიზარდა და 2044 კარს შეადგენს. სინამდვილეში ეს არის ნომინალური ხელფასი. ამას აკლდება 22% ანუ საშემოსავლო და საპენსიო გადასახადი ერთად. თუ ხელზე ასაღებ თანხას ვიტყვით, ეს ადამიანებში ნაკლებ აგრესიას გამოიწვევს, რადგან ეს არის 1 594 ლარი“, – ამის შესახებ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ეკონომიკური განვითარების ცენტრის აკადემიურმა დირექტორმა და „სფერო ნიუსის“ ანალიტიკოსმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში საშუალო ხელფასის ზრდის შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს შემთხვევაში ადეკვატურია მედიანური საშუალო ხელფასის დათვლა.
„საქსტატი რამდენიმე მეთოდით ითვლის ამ მონაცემს. ერთი არის საშუალო არითმეტიკული, როცა საწარმოებიდან მიღებული ინფორმაციით, ხელფასებზე გაცემულ თანხას ყოფს დასაქმებულთა რაოდენობაზე. მეორე არის მედიანური ხელფასი (მედიანური ხელფასი ასახავს იმ ხელფასს, რომელსაც საშუალოდ ყველაზე მეტი ადამიანი იღებს). არის ქვეყნები, სადაც არითმეტიკული საშუალო უფრო შესაფერისია და არის ქვეყნები, სადაც მედიანური ხელფასი უნდა ითვლებოდეს.
გვახსოვს, როცა 2022 წელს საქსტატმა არითმეტიკული საშუალო დათვალა და 1500 ლარი გამოვიდა საშუალო ხელფასი, თუმცა მედიანური ხელფასი 900 ლარი იყო. ჩემი აზრით, მეორე მეთოდოლოგია უფრო ასახავს საქართველოს მდგომარეობას.
რაც შეეხება ზრდას, 2018 წელთან შედარებით თითქმის 100%-იანი ზრდაა ხელფასის. თუმცა, არ უნდა მოგვატყუოს მხოლოდ ციფრებმა. ქვეყანაში წელიწად-ნახევარზე მეტ ხანს გვქონდა ორნიშნა ინფლაცია და ამან შექმნა ხელფასის ზრდის მოთხოვნა“, – აღნიშნა გიგა თვაურმა.
როგორც მან განმარტა, საშუალო ხელფასის ზრდა ქვეყანაში სამუშაო ძალის შემცირებამ განაპირობა, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორში.
„სამუშაო ძალის იმხელა პრობლემა გაჩნდა, ბიზნეს სექტორში და ასევე სახელმწიფო სექტორში დასაქმებული ადამიანების იმხელა გადინება იყო, რომ ამან მოახდინა ხელფასების ზრდის სტიმულირება. ზრდა, რომელიც გასულ წელთან შედარებით დაფიქსირდა არის 15%, ამას ემატება ყოფილი პრემიერის მიერ გამოცხადებული საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების ყოველწლიურად 10%-იანი ზრდა. IDFI-ის გასული წლის მონაცემებით, დასაქმებულთა 2/3 სახელმწიფო სექტორში მუშაობს. ამ ყველაფერს თუ გავითვალისწინებთ, ნამდვილად მივხვდებით, რამ გამოიწვია ხელფასების ზრდა,“ – განაცხადა გიგა თვაურმა.
მისი განმარტებით, მინიმალური ხელფასის დაწესება საქართველოში დაბალი ანაზღაურების პრობლემას ვერ გადაჭრის, ამისთვის საჭიროა გრძელვადიანი ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და რესურსების მაქსიმალური პრივატიზაცია.
„მინიმალური ხელფასის დაწესებამ იმ ქვეყნების ეკონომიკებშიც კი, რომლებსაც მაღალი ეკონომიკური ზრდა ჰქონდათ, ძალიან ცუდი სტიმულები გამოიწვია. მინიმალური ხელფასის დაწესება არ არის გამოსავალი. კი, ჩვენ 2 წლის განმავლობაში გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, მაგრამ ამ ყველაფრიდან გამოსავალი არის გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა. ამისთვის მნიშვნელოვანია გარკვეული საკანონმდებლო წნეხის მოცილება და მეტი აქტივის განკერძოება და ეკონომიკაში ჩაშვება. მხოლოდ და მხოლოდ ეს გამოიწვევს იმ ინკლუზიურ ზრდას, რაც მოსახლეობაზე ხელფასის სახით აისახება“, – აღნიშნა ანალიტიკოსმა.
მისი პროგნოზით, თუ ეკონომიკაში ძირეული რეფორმები არ გატარდება, სამუშაო ძალის შემცირების ტენდენცია გაგრძელდება და საშუალო ხელფასის ზრდა კვლავ აქტუალური საკითხი იქნება.
„ამ დროისთვის შეიძლება ითქვას, რომ საშუალო ხელფასის ზრდა ინფლაციას მიჰყვება, მაგრამ ვერ აბალანსებს. კადრების დეფიციტის ტენდენცია აუცილებლად გაგრძელდება. წელსაც და მომავალ წელსაც ანალოგიური სიტუაცია გვექნება, თუ რაიმე ძირეული ცვლილება არ მოხდება. თუ ეკონომიკური პოლიტიკა ძირეულად არ შეიცვლება, გამორიცხულია რომ რაიმე ხელშესახები შედეგი მივიღოთ“, – განაცხადა გიგა თვაურმა.