სილქნეტი მომხმარებელთა მონაცემების გაჟონვაზე განცხადებას ავრცელებს

კომპანია სილქნეტი განცხადებას ავრცელებს თავისი მომხმარებლების პირადი ინფორმაციის გაჟონვის შესახებ – რადიო თავისუფლებამ ამ ფაქტზე ექსკლუზიურად მოიპოვა ინფორმაცია 19 მარტს.
სატელეკომუნიკაციო კომპანია განცხადებაში წერს, რომ ლაპარაკია მომხმარებელთა მცირე ჯგუფის, 2 000-მდე ადამიანის, მაიდენტიფიცირებელი მონაცემების უკანონო მოპოვებისა და გამჟღავნების შესაძლო ფაქტზე. კომპანიის მიერ დასახელებული ეს რიცხვი მკვეთრად ნაკლებია იმაზე, რომელზეც რადიო თავისუფლების წყაროები საუბრობდნენ – ინტერნეტში, სავარაუდოდ, სილქნეტიდან გაჟონილი პირადი მონაცემების არალეგალური გავრცელებისას ნათქვამი იყო, რომ კომპანიიდან გაჟონა 30 000-ზე მეტი მომხმარებლის პირადობის მოწმობის ასლმა.
სილქნეტის განცხადებიდან ირკვევა, რომ მომხდარის შესწავლაში ჩართულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომელიც ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ კანონის მიხედვით, კიბერუსაფრთხოების რეგულატორია სატელეკომუნიკაციო კომპანიებისთვის.
განცხადების თანახმად, სილქნეტი სწორედ ამ სააგენტოსთან “ერთად ახორციელებს მოცემული ინციდენტის აღკვეთის, კვლევისა და სამომავლო პრევენციისათვის საჭირო ღონისძიებებს”, თუმცა ამავე განცხადების მიხედვით, ეს თანამშრომლობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
სილქნეტიდან მონაცემების გაჟონვის შემთხვევას სწავლობს პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურიც – ამ უწყებამ საკითხის შესწავლა 18 მარტს ფიზიკური პირის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური საკითხს სწავლობს ორი მიმართულებით: რამდენად დაცული იყო პერსონალური მონაცემების დაცვის უსაფრთხოების ზომები სილქნეტში და შეასრულა თუ არა კომპანიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის ინციდენტის შეტყობინების ვალდებულება.
სილქნეტში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მონაცემების გაჟონვისას “არ მომხდარა აბონენტთა ზარების, ტექსტური შეტყობინებებისა და სხვა ტელეკომ სერვისების ინფორმაციის კანონსაწინააღმდეგო გავრცელება” და განმარტავენ, რომ კომპანია “პირველი შესაძლებლობისთანავე ეტაპობრივად გაასაჯაროებს აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ინფორმაციას იმ მოცულობით, რომ საფრთხე არ შეექმნას მიმდინარე კიბერუსაფრთხოების უზრუნველმყოფი ღონისძიებების ეფექტიანობასა და შემდგომი გამოძიების ინტერესებს.”