სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, დააკავეს 17 წლის ბიჭი, რომელიც 16 წლის გოგოს ინტიმური შინაარსის ვიდეოჩანაწერის გავრცელებით ემუქრებოდა.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის გაზაფხულზე, არასრულწლოვან ბრალდებულს სოციალურ ქსელ „მესენჯერში” მიმოწერა ჰქონდა 16 წლის დაზარალებულ გოგოსთან, რა დროსაც დაზარალებულმა ნებაყოფლობით გაუგზავნა საკუთარი ცეკვის ამსახველი ვიდეოჩანაწერი.
მათივე ინფორმაციით, მოგვიანებით, ბრალდებულმა დაზარალებულს მოსთხოვა ინტიმური შინაარსის ვიდეოს გადაღება და მასთან გადაგზავნა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა, რომ კომპიუტერული პროგრამა „ფოტოშოპის“ მეშვეობით მისი ცეკვის ვიდეოს დაამონტაჟებდა ისე, რომ შექმნილ ფოტოებზე დაზარალებული გამოსახული იქნებოდა შიშველ მდგომარეობაში, რასაც შემდგომში გაუვრცელებდა მის მშობლებთან.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მუქარის შედეგად, იმავე დღეს, დაზარალებულმა არასრულწლოვანმა თავისი საცხოვრებელი ბინის სააბაზანო ოთახში გადაიღო ინტიმური შინაარსის ვიდეო, რომელიც „მესენჯერის“ საშუალებით ბრალდებულს გაუგზავნა.
„ინტიმური შინაარსის ვიდეოს გადაგზავნის შემდეგ, ბრალდებულმა დაზარალებულს სექსუალური ხასიათის ქმედებების განხორციელება, შემდეგ ვიდეოზე გადაღება და გადაგზავნაც მოსთხოვა, ხოლო უარის შემთხვევაში, უკანონოდ მოპოვებული ზემოთ მითითებული ინტიმური შინაარსის ვიდეოჩანაწერის მშობლებთან და ნათესავებთან გავრცელებით დაემუქრა. მუქარისა და იძულების შედეგად, შეშინებულმა დაზარალებულმა არასრულწლოვანმა სექსუალური ქმედების ამსახველი ვიდეო ჩაწერა და ბრალდებულს გადაუგზავნა“, – აცხადებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური.
როგორც უწყებაში აცხადებენ, დაზარალებულის მიმართვის შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საგამოძიებო მოქმედებები მოკლე დროში წარმართა და პირადი ჩხრეკისას მობილურ ტელეფონში, ნანახი და ამოღებული იქნა არასრულწლოვანი გოგოს ამსახველი ინტიმური შინაარსის მასალა, რის შემდეგაც დაკავებული იქნა ბრალდებული.
დაკავებულ 17 წლის ბიჭს ბრალად ედება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულება. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება გრძელდება.