რატომ უნდა გამოეყოს კაპიტალის ბაზრის რეგულირება ეროვნულ ბანკს? – შეფასებები

რატომ უნდა გამოეყოს კაპიტალის ბაზრის რეგულირება ეროვნულ ბანკს? – შეფასებები
ბოლო წლებში, საქართველოს კაპიტალის ბაზრის ზრდის ტემპი უმნიშვნელოდ მიიწევს წინ. სფეროს წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ზრდის ტენდენცია, მომდევნო წლებში დაჩქარდება, მით უფრო რომ საქართველო ევროკავშირის წევრობისკენ მიისწრაფვის, რამაც, წესით, საქართველოს და შესაბამისად, ქართული კომპანიების საინვესტიციო რეიტინგი უნდა გააუმჯობესოს.
„კომერსანტთან“ საუბრისას საფინანსო სექტორის წარმომადგენლების ნაწილი თვლის, რომ კაპიტალის ბაზრის განვითარებასთან ერთად აუცილებელია შეიცვალოს მისი მარეგულირებელი ორგანო და საზედამხედველო ფუნქციები არ უნდა იყოს კონცენტრირებული ეროვნულ ბანკში, მას ცალკე რეგულატორი უნდა ჰყავდეს.
როგორც, PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი გიორგი ხიშტოვანი ამბობს, არ არის გამორიცხული ეროვნული ბანკის რეგულირების ქვეშ ყოფნა იყოს მიზეზი, რის გამოც კაპიტალის ბაზარი ქვეყანაში დაბალი ტემპით ვითარდება. გიორგი ხიშტოვანი მიიჩნევს, რომ ცალკე რეგულატორის არსებობა ამ სფეროს მეტ თავისუფლებას მისცემს.
„ზედამხედველობა როდესაც გამოყოფილი იყო, იმ პერიოდში კაპიტალის ბაზრის განვითარების ტემპები იყო საკმაოდ მაღალი, უკანასკნელი, მინიმუმ 15 წელია ძალიან ბევრი ძალისხმევა იდება საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებაში, მაგრამ რეალური მიზანი, რაც არის მეორადი ბაზრის შექმნა, ამ მიზანს ვერ ვაღწევთ.
ობიექტურად, საბანკო სექტორი და კაპიტალის ბაზარი ერთმანეთის კონკურენციაშია, თუ რა ფორმით შესთავაზოს ფინანსებით დაინტერესებულ კომპანიას ფინანსები. აქედან გამომდინარე კონკურენცია თავის თავად არსებობს. მეორე რეალობა გვაქვს, რომ საბანკო სექტორი საქართველოში არის ზედმეტად, ძალიან განვითარებული, აქედან გამომდინარე, ამ რეალობაში შეიძლება გამოსავალი იყოს ახალი რეგულატორის გაჩენით, მეტი თავისუფლება მიეცეს თვითონ ამ სფეროს და იქნებ ამან მოგვცეს უკეთესი შედეგი“,- ამბობს გიორგი ხიშტოვანი.
Alliance Group-ის აღმასრულებელი დირექტორი აიეტ კუკავა თვლის, რომ ქვეყნის კაპიტალის ბაზარი ეროვნული ბანკის დეპარტამენტის დონეზე არ უნდა იმართებოდეს და მას კვალიფიციური უცხოური კადრებით დაკომპლექტებული პროფესიონალები უნდა მართავდნენ.
„რა თქმა უნდა, კაპიტალის ბაზრის მარეგულირებელი ეს უნდა იყოს კონკურენტული სტრუქტურა და არა რომელიმე დაწესებულების დეპარტამენტი, ის უნდა გამოეყოს ეროვნული ბანკიდან, ზედამხედველი უნდა იყოს მაღალი კვალიფიკაციის, შეიძლება მოვიწვიოთ ჰარვარდიდან, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან ამბიციური პროფესიონალები.
დავფიქრდეთ, ჩვენი კონკურენტები რეგიონში არიან ნავთობის მქონე ქვეყნები, როგორიცაა დუბაი, ყაზახეთი და აზერბაიჯანი. მათ გვინდა გავუწიოთ კონკურენცია, ამიტომ ეს უნდა იყოს ძალიან კვალიფიცირებული სტრუქტურა“, – ამბობს აიეტ კუკავა.