თურქული სასტუმროების ბანკების ვალი $10 მლრდ-ს უახლოვდება

თურქეთში ტურიზმის ინდუსტრია პრობლემებს აწყდება, რაც დაკავშირებულია ბანკების ვალის თითქმის $10 მლრდ-მდე ზრდასთან. ამის გამო საკრედიტო ინსტიტუტები უძრავი ქონების გაყიდვასა და ვალების გადახდას ითხოვენ. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
Cumhuriyet წერს, რომ პანდემიის შემდეგ თურქეთში სასტუმროების ვალი $10 მლრდ-ს მიუახლოვდა და, ამ ფონზე, სასტუმროები ბანკების საკუთრებაში გადაქცევის საშიშროება გაიზარდა. თურქულმა სასტუმროებმა პანდემია $8,5 მლრდ საკრედიტო დავალიანებით დაასრულეს.
იმავდროულად, კულტურისა და ტურიზმის სამინისტრომ და თურქეთის სტატისტიკურმა ინსტიტუტმა (Turkstat, TUIK) გამოაცხადეს, რომ ტურიზმის სექტორში ახალი რეკორდი დამყარდა და 2023 წელს ქვეყანაში 56 მლრდ-ზე მეტი ვიზიტორი ჩავიდა.
მიუხედავად ამისა, ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სექტორის ფინანსური მდგომარეობა შეშფოთებას იწვევს. Cumhuriyet-ის გათვლებით, თურქეთს არ აქვს საკმარისი ადგილები ამ რაოდენობის ტურისტის მისაღებად და 60 მლნ-იანი მოგზაურის სამიზნე „ოცნებად“ რჩება. გარდა ამისა, სასტუმროების 70-75% იპოთეკითაა დატვირთული, ბანკები კი მფლობელებს ქონების გაყიდვასა და დავალიანების გადახდას სთხოვენ.
გამოცემა ვარაუდობს, რომ ვიზიტორების ასეთი დიდი რაოდენობა ტურისტული აქტივობის ზრდას არ ნიშნავს. მოგზაურები შესაძლოა საყიდლებზე ან ქვეყანაში ტრანზიტისთვის შემოვიდნენ.
თურქული სასტუმროების ასოციაციის TÜROB-ის მონაცემებით, 2023 წელს, სასტუმროების დატვირთულობის მაჩვენებლები მთავარ ტურისტულ ქალაქებში ანტალიასა და სტამბოლში, შესაბამისად, 62,2-დან 56,2%-მდე და 74,6-დან 65,2%-მდე შემცირდა. ქვეყნის მასშტაბით კი ეს მაჩვენებელი 53,6-დან 49,1%-მდე შემცირდა.