ქალებსა და მამაკაცებს მსოფლიოს არც ერთი ქვეყნის შრომით ბაზარზე თანასწორი უფლებები არ აქვთ – The Guardian

მსოფლიოს არც ერთი ქვეყნის შრომის ბაზარზე ქალებს არ აქვთ ისეთივე შესაძლებლობები, როგორც მამაკაცებს. ამ ხარვეზის შევსებამ კი შეიძლება გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტი 20%-ით გაზარდოს. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ახალ კვლევაშია ნათქვამი. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ პირველად, მკვლევრებმა 190 ქვეყანაში ბავშვთა მოვლისა და უსაფრთხოების გავლენა გააანალიზეს ქალთა შრომის ბაზრის შედეგებზე.
მოხსენების ავტორმა თეა ტრუმბიხმა აღნიშნა, რომ ბავშვთა მოვლისა და უსაფრთხოების საკითხები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქალების პროდუქტიულობაზე.
გლობალურად, ქალები იღებენ მხოლოდ 77 ცენტს მამაკაცის ყოველი დოლარიდან. მიუხედავად იმისა, რომ 95 ქვეყანამ მიიღო კანონი ქალებისა და მამაკაცების თანაბარი ანაზღაურების შესახებ, მათგან მხოლოდ 35-მა მიიღო რეალური ზომები ამის მისაღწევად.
სუბ-საჰარის აფრიკის ბევრმა ქვეყანამ განიცადა სწრაფი პროგრესი სამართლებრივ რეფორმაში ბოლო წლებში. თუმცა, სწორედ აქ დაფიქსირდა ყველაზე დიდი უფსკრული კანონებსა და ქმედებებს შორის. გარდა ამისა, 81 ქვეყანაში ქალთა საპენსიო ანაზღაურება არ ითვალისწინებს დეკრეტულ შვებულებას. ბავშვზე ზრუნვის ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში, ქალთა რაოდენობა სამუშაო ძალაში 1%-ით გაიზრდებოდა.
151 ქვეყანას აქვს კანონი სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ, მაგრამ მხოლოდ 40 არეგულირებს სექსუალურ შევიწროებას საზოგადოებრივ ადგილებში ან ტრანსპორტში. შესაბამისად, ქალები არ არიან ამ მხრივ დაცულნი.
მსოფლიო ბანკის ჯგუფის მთავარი ეკონომისტის, ინდერმიტ გილის თქმით, ქალების მიმართ დისკრიმინაციული კანონებისა და პრაქტიკის აღმოფხვრამ შეიძლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ეკონომიკური მდგომარეობა.
„ამ უფსკრულის გადალახვამ შეიძლება გაზარდოს გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტი 20%-ზე მეტით, რაც არსებითად გააორმაგებს გლობალური ზრდის ტემპს მომდევნო ათწლეულის განმავლობაში. თუმცა, რეფორმები შენელდა“, – აღნიშნა მან.

ასევე დაგაინტერესებთ