“ვინგრევით” – შუქრუთელები თავს მოტყუებულად გრძნობენ და პროტესტს აგრძელებენ

უკვე მეხუთე დღეა, ჭიათურაში, სოფელ შუქრუთის მოსახლეობა ქუჩაში დგას და მანგანუმის მომპოვებელ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ მიყენებული ზარალის პროპორციულ კომპენსაციასა და სოფლიდან გასახლებას მოითხოვს.
ხალხმა კოროხნალის მაღაროსთან კარავი გაშალა და პროტესტი ახლა იქ გრძელდება.
შუქრუთში მოქმედმა 14-მა მაღარომ სოლიდარობის ნიშნად მუშაობა შეწყვიტა მანამ, სანამ ხალხის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
მოსახლეობა აცხადებს, რომ სოფელში კომპანია GM-ის მრავალწლიანი სამუშაოების შედეგად მათი სახლები დაინგრა და დაიბზარა, თუმცა მიყენებული ზიანი მათთვის არავის აუნაზღაურებია.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ დიდხანს ითმინეს და რომ ახლა აქციები უწყვეტი იქნება.
აქციის მონაწილეების თქმითმ „ჯორჯიან მანგანეზი“ მათ წლების წინ დაჰპირდა შესაბამის კომპენსაციას. მაშინ ამ დაპირების სამაცვლოდ შუქრუთელებმა პროტესტის უკიდურესი ფორმა, შიმშილობა შეწყვიტეს, თუმცა პირობა არ შესრულებულა.
მოსახლეობა დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს. „ჯორჯიან მანგანეზში“ ამბობენ, რომ პროტესტის მონაწილეების უმრავლესობას კომპენსაციები აღებული აქვთ.