მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი აცხადებს, რომ რამდენიმე მოსამართლის მოწოდებები სასამართლო სისტემაში ე.წ. ვეტინგის (მოსამართლეების ნაწილის კეთილსინდისიერების შემოწმება) ჩატარებააზე „არაკოლეგიალური“ და „აშკარად საფრთხის შემცველია“.
ვეტინგის საკითხს მოსამართლე სოციაულურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ამ იდეის ინიციატორებისთვის მიზანი სასამართლო ხელისუფლების დაშინება, მასზე ანგარიშსწორების და დამორჩილების მიზნით, რაც მიიღწევა მოსამართლეთა მასობრივი წმენდის განხორციელებით.
სერგო მეთოფიშვილი წერს, რომ ე.წ. ვეტინგის მხარდამჭერები ის მოსამართლეები არიან, რომლებიც არ არიან იმ 57 მოსამართლის სიაში, რომელსაც ე.წ. ვეტინგი უნდა შეეხოს და რომ მათთვის ობიექტურობა მეასეხარისხოვანია.
მეთოფიშვილის განცხადებით, 2024 წლის 11 მარტს შეიკრიბა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმი, რომელსაც ესწრებოდა ამავე სასამართლოს 22 მოსამართლე. მათი აზრით, ე.წ. ვეტინგის არაკონსტიტუციურია და აბსოლუტურად დაუსაბუთებელი საქართველოს სასამართლოსთან მიმართებით.
„ამ განცხადებას ხმა მისცა 20-მა მოსამართლემ, ხოლო არ დაეთანხმა უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე: ნინო ბაქაქური და ეკატერინე გასიტაშვილი (სწორედ ეს ორი მოსამართლე „რატომღაც“ ამოღებულია ე.წ.ვეტინგის სიიდან, უზენაესი სასამართლოს სხვა 25 მოსამართლე კი ვეტინგის პროცედურას ექვემდებარება, მავანთა მოთხოვნით), რომელთა მოსაზრებით, ე.წ. ვეტინგი აუცილებელია, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დაუბრკოლებლად წარმართვის მიზნით, რის გამოც მზად არიან, თვითონაც და აქედან გამომდინარე, მთელი სისტემაც დაექვემდებაროს ამ პროცედურას. 2024 წლის 14 მარტს, ე.წ. ვეტინგს მხარი დაუჭირა კიდევ რამდენიმე მოსამართლემ (რომლებიც „დასავეტინგებელთა“ სიაში არ შედიან) ქვედა ინსტანციებიდან იმავე მოსაზრებებით, რაზეც მიუთითებდა უზენაესი სასამართლოს ზემოთ აღნიშნული ორი მოსამართლე“, – წერს სერგო მეთოფიშვილი.
მისი აზრით, მოსამართლეები, რომლებიც ემხრობიან ე.წ. ვეტინგის გავრცელებას მათ 57 კოლეგაზე, ავტომატურად ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ ამ 57 მოსამართლის არაკეთილსინდისიერება, სულ მცირე, საეჭვოა და გადამოწმებას ექვემდებარება უცხოელების მიერ.
„ეს პოზიცია უკვე არის უკიდურესად არაკოლეგიალური და პროფესიული ღირსების შემლახავი“, – წერს მეთოფიშვილი.
მოსამართლის მიერ გავრცელებულ საჯარო განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ე.წ. ვეტინგის პროცედურით მოსამართლეები უნდა შემოწმდნენ მათი „ქონების, პროფესიონალიზმისა და პიროვნულ-პროფესიული წესიერების“ მიხედვით ანუ საუბარია არა მხოლოდ ქონებრივი მდგომარეობის შესწავლაზე; შემოწმება მოიცავს ასევე სამოსამართლო საქმიანობის სხვა ასპექტებსაც კვალიფიციურობის, მოწესრიგებულობის გადამოწმებას:
„რის შედეგადაც, საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებულ საქმეთა სიმრავლის პირობებში, საკმაოდ ადვილი იქნება – ნებისმიერ, ე.წ. ვეტინგის ჩამტარებელი სუბიექტისათვის არასასურველ მოსამართლეს შეუქმნან პრობლემები ამ თვალსაზრისით, იმის მიუხედავადაც, რომ საპროცესო ვადების დაცვა ობიექტურად არის შეუძლებელი. ე.წ. ვეტინგის ინიციატორთათვის და განმახორციელებელთათვისაც ობიექტურობა ხომ მეასეხარისხოვანია, მთავარია, მიღწეულ იქნას სასამართლოს ხელისუფლების დაშინების, მასზე ანგარიშსწორების და დამორჩილების მიზანი, რაც მიიღწევა მოსამართლეთა მასობრივი წმენდის განხორციელებით“, – წერს მოსამართლე.
სერგო მეთოფიშვილი ალბანეთსა და უკრაინაში „ვეტინგის“ შედეგებზეც წერს და აღნიშნავს, რომ ალბანეთში მოქმედი დაახლოებით 280 მოსამართლიდან 35-მა მოსამართლემ დატოვა თანამდებობა პირადი განცხადებით, დაახლოებით 1/3-მა შეინარჩუნა თანამდებობა, დანარჩენი დაახლოებით 150 მოსამართლე განდევნილ იქნა სისტემიდან ე.წ. ვეტინგის საფუძველზე.
„აღსანიშნავია, რომ ე.წ. ვეტინგის პროცედურა, რომელიც 2015-2016 წლებიდან დაიწყო, ჯერ კიდევ დასრულებული არ არის და მისი თავგადადებული მომხრეებიც კი ვეღარ პროგნოზირებენ, თუ როდის დასრულდება, ან საერთოდ მიიღწევა კი ის მიზნები (სამართლის უზენაესობის, მოსამართლეთა კეთილსინდისიერების უზრუნველყოფა და ა.შ.), რასაც ე.წ. ვეტინგი ემსახურება. ბოლომდე პარალიზება გაუკეთდა უზენაეს და საკონსტიტუციო სასამართლოებს, სადაც თითო მოსამართლე დატოვეს მხოლოდ და ა.შ.“.
სერგო მეთოფიშვილის განცხადებით, ის და მისი კოლეგების უდიდესი უმრავლესობა, ბოლომდე შეეწინააღმდეგებიან საქართველოში ე.წ. ვეტინგის შემოღებას:
„არა იმის გამო, რომ რაიმე სახის შემოწმების გვეშინია, როგორც ამას აბსოლუტურად უსაფუძვლოდ სახავენ ჩვენი მოწინააღმდეგენი, არამედ ე.წ. ვეტინგის ზემოთ აღწერილი უკიდურესად უხეში, არალეგიტიმური ფორმის, ასევე – სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ხელყოფის და ამით სახელმწიფოს სუვერენიტეტის შემლახავი ეფექტის გამო“, – წერს მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი.
ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგმა“ „ევროკავშირის რეკომენდაციის საფუძველზე“, 2024 წლის 4 მარტს გამოაქვეყნა იმ 57 მოსამართლის სია (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 24 მოსამართლე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 6 მოსამართლე წევრი, სხვადასხვა სასამართლოების 24 თავმჯდომარე და პალატების/კოლეგიების 3 თავმჯდომარე), რომელსაც ე.წ. ვეტინგი უნდა შეეხოს.