ოდესის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა

ოდესის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა.
“დღეს საავადმყოფოში მძიმე ჭრილობებისგან გარდაიცვალა კიდევ ერთი უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელი, ოდესაზე მიტანილი იერიშის კიდევ ერთი მსხვერპლი”. – ამბობს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ კლიმენკო.
კლიმენკოს თქმით დაბომბვის შედეგად ამ დროისთვის 70 ადამიანია დაშავებული.
საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის რეგიონალური ადმინისტრაციის თქმით, გარდაცვლილი 39 წლის მეხანძრე ვიტალი ალიმოვია.
“მედიკოსები აკეთებდნენ ყველაფერს, მაგრამ ჩვენი კოლეგის გადარჩენა ვერ შეძლეს. ოდესის მაშველები მწუხარებას გამოთქვამენ მოძმე მეხანძრის გარდაცვალების ფაქტზე. უსამძიმრებენ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ჩვენს მეხსიერებაში ვიტალი დარჩება როგორც კარგი მეგობარი, კეთილი ადამიანი და თავისი საქმის პროფესიონალი”. – წერია ოდესის რეგიონის საგანგებო სამსახურის განცხადებაში.
15 მარტს, დღისით, რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანა. დაბომბვის შედეგად ამ დროისთვის დაღუპულია 21 და დაშავებულია 70 ადამიანი.
დაღუპულთა შორის არიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. ისინი დღის პირველ ნახევარში მომხდარი დაბომბვის ადგილზე იმყოფებოდნენ.
დაბომბვის შედეგად დაზიანდა 10 კერძო სახლი, დაბალი წნევის გაზის მილები და 2 სახანძრო მანქანა. მეხანძრეები აფეთქების შედეგად, 120 კვადრატულ მეტრზე გაჩენილ ცეცხლს აქრობენ.
ოდესის ოლქში 16 მარტი გლოვის დღედ გამოცხადდა.
უკრაინის თქმით, ოდესა ისკანდერის ტიპის რაკეტებით დაბომბა, რომლებიც მაღალი სიზუსტით გამოირჩევა, შესაბამისად ოკუპანტებმა დასახლებულ პუნქტზე იერიში განზრახ მიიტანეს.