როგორ გავხდეთ სწავლაზე დამოკიდებული? — Duolingo

როცა ლუის ვან ანი ენის შემსწავლელ პლატფორმას Duolingo-ს ქმნიდა, საკმაოდ დიდ პრობლემას გადააწყდა — შეუძლია თუ არა აპლიკაციას გასწავლოთ რაღაც ისე, რომ ინსტაგრამსა და ტიკტოკს გაუწიოს კონკურენცია, პლატფორმებს, რომლებზეც ასე ვართ დამოკიდებული? აქ კი გვიყვება, როგორ გაართვა თავი ამოცანას, სოციალური მედიისა და მობილური თამაშების რა ფსიქოლოგიური ტექნიკები გამოიყენა იმისათვის, რომ სწავლითაც ასეთი აღფრთოვანებული ვყოფილიყავით…
დღეს ბევრი ადამიანი საუბრობს განათლებაზე, როგორც განსხვავებულ სოციალურ კლასებში თანასწორობის მოპოვების შესაძლებლობაზე, მაგრამ აბა, ცადეთ და ამას მეორე მხრიდან შეხედეთ, როგორც საკითხს, რომელიც უთანასწორობაზეა პასუხისმგებელი… პრაქტიკულად მდიდარ ადამიანებს შეუძლიათ კარგი განათლება „იყიდონ“ და გააგრძელონ ბევრი ფულის შოვნა იქ, სადაც ღარიბები, რომელთაც წერა-კითხვის სწავლის საშუალებაც არ აქვთ, ფულს ვერასდროს გამოიმუშავებენ.
და რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სწავლაზე ყველას თანაბარი წვდომა მივცეთ? სწორედ ეს კითხვა დასვა ლუისმა Duolingo-ს თანადამფუძნებელთან ერთად. იცოდნენ, რომ ადამიანებისთვის რაღაც ერთი უნდა ესწავლებინათ და მათემატიკისა თუ კომპიუტერული მეცნიერების შემდეგ, შეჯერდნენ, რომ საუკეთესო საგანი, რომლითაც ადამიანებმა უნდა დაიწყონ, უცხოური ენების შესწავლაა. ჯერ იმიტომ, რომ უდიდესი აუდიტორიაა, რომელთა 80% ინგლისურს სწავლობს. ბევრ ქვეყანაში კი ინგლისურის ცოდნა მნიშვნელოვნად ზრდის შემოსავლების პოტენციალს…
Duolingo-ს დამფუძნებლები მარტივად მიხვდნენ, რომ უამრავ ადამიანთან დაკავშირებას მხოლოდ მობილური ტელეფონის გამოყენებით შეძლებდნენ, სწორედ ამიტომ შექმნეს აპლიკაცია და იგი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადეს. ყველაში, როგორც ღარიბი, ისე მდიდარი ადამიანები იგულისხმებიან, რომელთაც არაფრის გადახდა უწევთ. თუმცა ამის ხარჯზე, გაკვეთილის ბოლოს რეკლამას უნდა უყურონ. ხოლო, თუ რეკლამები არ სიამოვნებთ, მაშინ გამოწერა დასჭირდებათ და ვინც ამას მიმართავს, ძირითადად კვლავ შეძლებული ქვეყნებიდანაა, იქნება ეს ამერიკა თუ კანადა… ამ მოდელში კი ლუისს ერთი რამ ხიბლავს ყველაზე მეტად, რომ მდიდრები ყველას განათლებაში იხდიან ფულს.
თუმცა სმარტფონებთან ერთი პრობლემა იკვეთება, წამალდამოკიდებულების მსგავს რამეს იწვევს კაცობრიობაში ტიკტოკის, ინსტაგრამისა თუ მობილური თამაშების დახმარებით. აქ კი მხოლოდ განათლების ხელმისაწვდომობა არ კმარა, ისეთი აპლიკაცია უნდა შეექმნათ, რომლით სწავლის სურვილი ადამიანებს გაუჩნდებოდათ. Duolingo-მ ეს წარმატებითაც მოახერხა — ზუსტად ის ფსიქოლოგიური ტექნიკები გამოიყენა, რომლებსაც ეს აპლიკაციები მიმართავს, მან მომხმარებელთა ჩართულობაზე დაიწყო ზრუნვა. შეტყობინებები კი, ერთი მხრივ, შემაწუხებელია, მაგრამ საგანმანათლებლო პროდუქტის შემთხვევაში, ადამიანებს ნამდვილად სურთ, რომ სწავლის დაწყება შეახსენონ. Duolingo ამას AI მოდელით შესანიშნავადაც ახერხებს — საზღვრავს, რა თქვას თითოეულ შეტყობინებაში ისე, რომ ადამიანებს აპლიკაციაში დაბრუნებისკენ უბიძგოს.
აქ ყურადღება იმასაც უნდა მიაქციოთ, თუ როდის გაიგზავნება შეტყობინება მომხმარებელთან. ლუისი ამ საიდუმლოსაც გვიზიარებს, რომ ეს პროდუქტის გამოყენებიდან 24 საათში უნდა გააკეთოთ. თუმცა Duolingo-ში თქვენს „დასპამვასაც“ ერიდებიან და თუ 7 დღის მანძილზე არ იაქტიურებთ, აღარც შეტყობინებებით მოგაბეზრებთ თავს. თუმცა „დამშვიდობებამდე“ მოგწერთ: Hey, these reminders don’t seem to be working. We’ll stop sending them for now — ეს კი ზუსტად ის შეტყობინებაა, რომელიც ადამიანებს აპლიკაციაში აბრუნებს…
დაბოლოს, რეალურად წარმოუდგენელიც კი შეიძლება იყოს ტიკტოკის კონტენტთან კონკურენციის გაწევა, მაგრამ 2-საათიანი სქროლვის შემდეგ, რაზე ფიქრობთ? რომ დრო ტყუილად გაფლანგეთ, არა?! აი, Duolingo-ს ან ნებისმიერი საგანმანათლებლო პროდუქტის შემთხვევაში კი, თუ ჩართულობა 80-90 პროცენტი იქნება, ეს სავსებით საკმარისია, რადგან ადამიანები ჩათვლიან, რომ დრო პროდუქტიულად გამოიყენეს.