სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია ამბობს, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო რაჭაში სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას არაუგვიანეს ნოემბრის ბოლომდე მიიღებს.
მან მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე სამინისტროსთან აქციის მონაწილეეობს მოუწოდა, რომ ოჯახებს დაუბრუნდნენ.
“მინდა შევეხო რაჭაში სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხს და საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მივაწოდო ქრონოლოგიურად, თანმიმდევრულად ამ პროცესთან დაკავშირებით. ჩვენ ვხედავთ, ბოლო დღეები პროტესტს სამინისტროსთან, რომელიც ვფიქრობთ, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლოა და ამის საჭიროება არ არსებობს. მე ეტაპობრივად მოგახსენებთ ამის თაობაზე, რატომ ვფიქრობთ ჩვენ ასე. პირველ რიგში, დავიწყებ, ლიცენზიის გაცემის პროცედურით, არსებობს კითხვა, რომ თითქოს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უკანონოდ გასცა ეს ლიცენზია. მინდა, ცალსახად განვაცხადო, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 2022 წლის მარტში საჯარო აუქციონის წესით იქნა გაცემული ლიცენზია, რომელშიც გაიმარჯვა კონკრეტულმა კომპანიამ. ამ პროცესს მანამდე თან სდევდა გარკვეული კვლევები, შესაბამისი სამუშაოები და აუქციონის გამოცხადებამდე ერთი თვით ადრე პრესაში, ასევე გარემოს ეროვნული სააგენტოს “ფეისბუქ” გვერდზე და სხვა საშუალებებით ამის შესახებ ინფორმაციის გავრცელება. პროცესი იყო აბსოლუტურად საჯარო და იმ კანონმდებლობის შესაბამისი, რომელიც ამ საკითხს არეგულირებს ქვეყანაში”,- განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მისი თქმით, შეიძლება ვისაუბროთ, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია შესაძლოა არ იყო სათანადო და მეტი იყო სასურველი. შამუგიას განცხადებით, უმოკლეს დროში, არაუგვიანეს თვის ბოლოს, გარემოს ეროვნული სააგენტო მიიღებს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული წარმოების პროცესში. მინისტრი აცხადებს, რომ არსებობს ყველა წინაპირობა, რომ ლიცენზია ძალადაკარგულად გამოცხადდეს.
შამუგია ამბობს, რომ პროტესტის მონაწილეებს წერილობითაც მიაწოდეს ინფორმაცია.
“მინდა მოვუწოდო თითოეულ ჩვენს მოქალაქეებს, ვინც დღეს პროტესტის მონაწილეები არიან, ქალბატონებს, ბატონებს, რომ დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს, დაველოდოთ გარემოს ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებას, რომელიც არის სამართლებრივი პროცესი და პირობას გაძლევთ, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება ძალიან სწრაფად, რაც შეიძლება სწრაფად, არაუგვიანეს თვის ბოლოსი”, – თქვა მინისტრმა.
მან ასევე განაცხადა, რომ სრული სიცრუეა თითქოს ტყე გაიყიდა.