რუსეთმა სატელიტური სიგნალი ჩაახშო თვითმფრინავზე, რომელსაც თავდაცვის მინისტრი გრანტ შაპსი პოლონეთიდან ბრიტანეთში დასაბრუნებლად იყენებდა. აღნიშნული ინფორმაცია 14 მარტს, მთავრობის წყარომ და მასთან ერთად მყოფმა ჟურნალისტებმა გაავრცელეს.
მათი თქმით, 13 მარტს, GPS სიგნალი დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში იყო დაბლოკილი, როცა თვითმფრინავი რუსეთის ბალტიისპირეთის ექსკლავთან, კალინინგრადთან ახლოს მიფრინავდა. ამ ხნის მანძილზე მობილური ტელეფონები ინტერნეტთან დაკავშირებას ვეღარ ახერხებდა და თვითმფრინავი იძულებული გახდა გამოეყენებინა ალტერნატიული მეთოდები ადგილმდებარეობის დასადგენად.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ “როიტერის” მიერ კომენტარის მოთხოვნას არ უპასუხა.
პრემიერ-მინისტრის რიში სუნაკის პრესსპიკერმა დაადასტურა ინციდენტი 13 მარტს, მაგრამ დასძინა, რომ ეს “უჩვეულო არ არის”.
„გუშინ პოლონეთიდან უკან დაბრუნებისას თვითმფრინავმა, რომელშიც თავდაცვის მინისტრი და მისი დელეგაცია იმყოფებოდა, დროებით განიცადა GPS სიგნალის შეფერხება, როდესაც ისინი კალინინგრადის მახლობლად მიფრინავდნენ“, – თქვა პრესსპიკერმა.
მისი თქმით, “ამას არ შეუქმნია თვითმფრინავის უსაფრთხოებისთვის გამოწვევა და არ არის უჩვეულო, როდესაც თვითმფრინავს აქვს GPS შეფერხება კალინინგრადის მახლობლად, რომელიც, რა თქმა უნდა, რუსეთის ტერიტორიაა“.