ოჯახის ინფორმაციით, 12 წლის ანი იანუშაიტიტეს საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების საქმეზე, სახალხო დამცველი შსს-ს და გენერალურ პროკურატურას კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებისკენ მოუწოდებს

12 წლის ანი იანუშაიტიტეს საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების ფაქტზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, სახალხო დამცველი -ს და გენერალურ პროკურატურას საქმეზე საგამოძიებო მოქმედებისკენ მოუწოდებს.
აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს გარდაცვლილი გოგონას დედამ და ორგანიზაცია „უფლებები საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა განუცხადეს და საქმესთან დაკავშირებით მედიასთან სახალხო დამცველის დასკვნა გაასაჯაროვეს. მათი თქმით, სახალხო დამცველის დასკვნაში სახელმწიფო უწყებების მიერ გამოძიების პროცესში დაშვებულ ხარვეზებზეა საუბარი.
უფრო კონკრეტულად, როგორც ჟურნალისტებს „უფლებები საქართველოს“ დირექტორმა, ლადო მკერვალიშვილმა განუცხადა, მათ რამდენიმე თვის წინ სახალხო დამცველს საქმის მასალები გაუგზავნეს და სთხოვეს შეესწავლა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ეფექტიანობა. მკერვალიშვილის თქმით, სახალხო დამცველის მიერ მომზადებული დასკვნაში მითითებულია, რომ არასრულწლოვან ანი იანუშაიტიტეს მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება ვერ აკმაყოფილებდა ეფექტიანი გამოძიების სტანდარტებს, კერძოდ, არ არის ჩატარებული მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები, რომელთა ნაწილის ჩატარებაც, დღეის მდგომარეობით, უკვე უპერსპექტივო და შეუძლებელია. ასევე, სახალხო დამცველმა მიუთითა, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონოდა გამომძიებლის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოვალეობების არაჯეროვნად შესრულებას. დასკვნაში წერია, რომ გამოძიება თავიდანვე მიმდინარეობდა არაეფექტიანად.
„დასკვნაში წერია, რომ მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება ერთ-ერთ ვერსიად განიხილავს არასრულწლოვან ანა იანუშაიტიტეს მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტსაც, გამოძიების მიერ გვამის აღმოჩენის შემდეგ საერთოდ არ იქნა დათვალიერებული შემთხვევის ადგილის ახლო-მახლო მდებარე შედარებით დამალული ადგილები. გამოძიებას არ უცდია გარდაცვლილის ბიოლოგიური მასალის ან სუნის ნიმუშის მოპოვება მისი ასეთ ადგილას ყოფნის დადასტურების მიზნით. რადგანაც გასულია ხანგრძლივი პერიოდი, გარდაცვლილის სუნის ნიმუშის მოპოვება შეუძლებელია“, – ნათქვამია სახალხო დამცველის დასკვნაში, რომელიც მედიას ლადო მკერვალიშვილმა გააცნო.
სახალხო დამცველი მოუწოდებს შსს-ს, არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გონივრულ ვადებში განახორციელოს რიგი საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც უზრუნველყოფს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას და ასევე, სახალხო დამცველი მიმართავს გენერალურ პროკურატურას, დაიწყოს შემოწმება ანა იანუშაიტიტეს გარდაცვალების გამოძიების საქმის მწარმოებელი გამომძიებლის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შეუსრულებლობის და არაჯეროვანი შესრულების ფაქტზე“, – ნათქვამია ომბუდსმენის დასკვნაში, რომელიც მედიას „უფლებების საქართველოსთვის“ დირექტორმა, ლადო მკერვალიშვილმა გააცნო.
გამოძიების პროცესში საქმეში არსებულ ხარვეზებზე ისაუბრა გარდაცვლილი გოგონას დედამ ნატო ხუტაშვილმა და მიმართა შსს-ს და პროკურატურას მომხდარის სრულფასოვნად გამოიძიონ, ამასთან საქმეში უცხოელი ექსპერტების ჩართვა მოითხოვა. ნატო ხუტაშვილის განცხადებით, ტრაგიკული შემთხვევიდან ერთი წელი გავიდა და ფაქტობრივად, ისევ ერთ წრეზე დადიან.
„საგამოძიებო და ოპერატიული სამსახურების არაეფექტურმა სამუშაომ გამოიწვია ის, რომ გამოძიება ჩიხში შევიდა და პრაქტიკულად, უპერსპექტივოდ ვთვლიო შემდგომში გამოძიების გაგრძელებას. თუმცა იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ იქნება. შსს არ ატარებს ქმედით ნაბიჯებს სამართლის დასადგენად. პროკურატურა იძლევა რეკომენდაციას, მერე იწყებენ ამ რეკომენდაციის შესრულებას და შემდგომ გადაერთვებიან სხვა საქმეზე. ერთი გამომძიებელი ამ საქმეს არ ჰყოფნის, სჭირდება გამომძიებლების ჯგუფი. დღემდე არ გაგზავნილა ანის ტანსაცმელი ექსპერტიზაზე, ამის შესახებ მოლაპარაკებები მიდის. ასევე, ფოტო ექსპერტიზაზე არ გაგზავნილა ის სურათი, სადაც ბავშვის მარცხენა ხელში, ფრჩხილში ჩანს გაჭედილი შავი თმა. საგამოძიებოს პირველი პირები ამჯობინებენ დუმილს ამ ყველაფერთან დაკავშირებით. მათ არ აწყობთ, რომ დადასტურდეს, რომ ეს არის მკვლელობა, დრო კი, ჩვენ წინააღმდეგ მუშაობს“, – განაცხადა ნატო ხუტაშვილმა.
როგორც ცნობილია, დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი, ანა იანუშაიტიტე გარდაცვლილი 2023 წლის 16 მარტს იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.