„ბათუმი და თბილისი – ამ 2 ლოკაციაზე გვინდა გამოჩენა“ – „მკერვალი“

საოჯახო ქართული თემატიკის ბრენდი „მკერვალი“ სოფო გრიგალაშვილმა 2 წლის წინ 25 00-ლარიანი ინვესტიციით შექმნა. შემდეგ პროექტ „აწარმოე საქართველოში“ 30 000 ლარიანი გრანტი მიიღო და საკუთარი თანამონაწილეობის თანხა 6100 ლარი დაამატა და საწარმოო საქარგი მანქანა და დასაპრინტად საჭირო ტექნიკა იყიდა. „მკერვალის“ მომხმარებლების 78% 30+ ასაკის მომხმარებელია, 95% ქალია, გაყიდვების 60.5% ხაშურზე მოდის, 26.6% თბილისზე. „კომერსანტთან“ საუბრისას სოფო გრიგალაშვილი ამბობს, ონლაინ გაყიდვების, ხაშურისა და ქუთაისის მაღაზიების გარდა, თბილისსა და ქუთაისში სურს მაღაზიების გახსნა.
„კომერსანტი“ „მკერვალის“ დამფუძნებელს ბრენდის შექმნის, განვითარების, წარმოების, გაყიდვების ქსელისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.
როდის და რა ინვესტიციით შეიქმნა „მკერვალი“?
სოფო გრიგალაშვილი, „მკერვალის“ ხელმძღვანელი: ხაშურში ვცხოვრობ. მინდოდა ისეთ საქმე წამომეწყო, რაც ჩემს რაიონში არ იყო, თან სახლიდან მუშაობის საშუალება მქონოდა და ადგილობრივები დამესაქმებინა. საწყისი კაპიტალი 25 000 ლარი იყო. თანხა კრედიტით ავიღე და საქარგავი, 2 საკერავი მანქანა და ქსოვილები ვიყიდე. შემდეგ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მივიღე მონაწილეობა და 30 000-ლარიანი გრანტი მივიღეთ. ამ თანხით საწარმოო საქარგი მანქანა და დასაპრინტად საჭირო ტექნიკა შევიძინე. ამას გარდა, ჩემი თანამონაწილეობის თანხა 6100 ლარი იყო და ამ ფულით კიდევ 3 საკერავი მანქანა ვიყიდე.
ძალიან რთულია საქმის დაწყება, როცა არავინ გყავს ისეთი, ვინც დაგაკვალიანებს, რჩევას მოგცემს, ამისთვის დრო და ფინანსებია საჭიროა სანამ კარგად გამოცდი ქსოვილს, მკერავს, თითოეულ ნემსს.
2 წლის წინ დეკემბერში ავიღე კრედიტი, იანვარში ვიყიდე, ქსოვილები, საკერავი მანქანები და თებერვლიდან სახლის მეორე სართულზე დავიწყეთ მუშაობა. ყველა ადამიანი საქმეს თავისებური სირთულის გამოვლით იწყებს. უბრალოდ, სირთულეებს გააჩნია, მე მაინც მგონია, რომ ადამიანები დიდ სირთულეებს გადიან იმისთვის რომ სწორ გზაზე დადგნენ და მეტი გამოცდილება შეიძინონ. მოტივირებული ადამიანები ამ სირთულეების გავლის შემდეგ მეტს სწავლობენ.
რა არის თქვენი ნიშა, რით გამოირჩევით ბაზარზე კონკურენტებისგან?
პრინტი მალფუჭებადია. მინდოდა, რომ ნაქარგი გამომეყენებინა და პრინტი ნაქარგით ჩაგვენაცვლებინა. მე თვითონ ვქარგავდი და ისე მიმქონდა მკერავთან და მერე უკვე ჩვენვე დავიწყეთ ქარგვა. 2 წელიწადში ბრენდი რომ ამუშავდეს და ცნობადობა გაიზარდოს, ეს ყველაფერი მოახდინა კარგი ხარისხის ქსოვილმა.
ძირითადად იკერება ყოველდღიური სამოსი, მთლად სპორტული არა, მაგრამ მაინც სპორტულში გადის. რბილი ქსოვილია და ადვილად მოსახმარია. თემატურად ძალიან ბევრი ბრენდია საქართველოში, რომელსაც ქართული დეტალები გადააქვს სამოსზე და ეს ყველაფერი მაინც მოსწონთ ადამიანებს, მაგრამ ცოტა „გადახუნდა“. ამიტომ ჩვენ საოჯახო, სახლის სამოსის წარმოება დავიწყეთ.
რა სეგმენტზეა გათლილი „მკერვალი“ და როგორია ფასები?
ბიზნესის 4-თვიან კურსს მოვრჩი ახლახან, საერთაშორისო კურსია და ძალიან კარგი ცოდნა შევიძინე. ერთი ლექცია ფასებს დაეთმო და საშუალო ფასი ჰუდებისთვის განისაზღვრა 90 ლარი, მე ეს ცოტა მაღალი ფასი მგონია, ჩვენი ბაზრიდან გამომდინარე. ჩვენთან ჰუდების ფასი 70 ლარიდან იწყება. თან საუკეთესო ხარისხის ქსოვილზე ვსაუბრობ.
ჰუდების გარდა გვაქვს ორეულები, ფასი 135 ლარიდან იწყება, ნაქარგიან ორეულებზე ინდივიდუალური შეკვეთები გვაქვს, ფასი 15 ლარით იმატებს. კლასიკური ხაზი დავიწყეთ 1 თვის წინ და 2 კვირის წინ გვქონდა ფოტოსესია. ბავშვის ორეულები 75 ლარიდან 105 ლარამდე ღირს.
როგორ ყიდით „მკერავის“ სამოსს?
სამოსი ონლაინ იყიდება, ტიკ-ტოკზე, ინსტაგრამზე, ფეისბუქზე, ხაშურში გვაქვს მაღაზია და ქუთაისის „ქარვასლაში“ ქართული ბენდების კუთხეში გვაქვს ჩვენი სტენდი. ხაშურში მაღაზია 2 წლის წინ გავხსენი, ქუთაისში – 2 თვის წინ.
მოთხოვნა და დაინტერესება როგორია?
ქუთაისი პირდაპირი მნიშვნელობით ვერ დავძარი.
რა არის ამის მიზეზი?
მიზეზი მარკეტინგული აქტივობის ნაკლებობაა. ცნობადობა ნაკლებია, ცნობადობას რეკლამა სჭირდება. ზოგადად, ჩავარდნილი პერიოდია იანვარი და თებერვალი და თან 2 თვე მცირე დროა. მარტიდან ვიმედოვნებთ, უკეთ იმუშავებს მაღაზია.
სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თბილისში მქონდეს მაღაზია, ან ქართველი დიზაინერების კუთხეში შევიდეთ, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენი ნაწარმი თბილისელებმაც ნახონ. საკმაოდ მაღალია ხარჯი და ჯერჯერობით ვერ ხერხდება. და თბილისი – ამ 2 ლოკაციაზე გვინდა გამოჩენა.