სახალხო დამცველმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ სამედიცინო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის ინფორმაციით, საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ სამედიცინო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელზეც დაუნის სინდრომის მქონე პირთა ჯანმრთელობა, თანამედროვე მიდგომები და სიახლეები განიხილეს.
მათივე ცნობით, 2024 წელს დაუნის სინდრომის მქონე პირთა დღის თემად „სტერეოტიპების დასრულება“ შეირჩა.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, თავის მისასალმებელ სიტყვაში სახალხო დამცველმა შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით აპარატის საქმიანობაზე ისაუბრა, ხაზი გაუსვა პასუხისმგებელი უწყებებისა და თავად დაუნის სინდრომის მქონე პირთა და მათი წარმომადგენლობით ორგანიზაციების ერთობლივი მუშაობის აუცილებლობას ჯანდაცვის სფეროსთან ერთად მათი ჯანმრთელობის უფლების დაცვის მიმართულებით.
„ვფიქრობ, დღევანდელი კონფერენცია, აქ შეკრებილ თემის წევრებს, შშმ პირთა ორგანიზაციებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და სამედიცინო სფეროს ექსპერტებს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს იმ საჭიროებების გამოსაკვეთად და დასაკმაყოფილებლად, რაც დაუნის სინდრომის მქონე პირებს სამედიცინო მომსახურების მიღებისას აქვთ. მითუმეტეს, რომ შშმ პირთა ინდივიდუალური საჭიროებებზე მორგებული ჯანდაცვის სერვისების განვითარების მიზნით სამუშაო ქვეყანაში ბევრია“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ინფორმაციის თანახმად, ღონისძიებაში მონაწილე საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებს წარმომადგენლებმა ისაუბრეს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა და ზრდასრულთა სამედიცინო მეთვალყურეობაზე, ჯანდაცვაში არსებულ გამოწვევებსა და მკურნალობის მეთოდების გაიდლაინში შესულ ცვლილებებზე, დაუნის სინდრომის მქონე ზრდასრულების ჯანმრთელობის მართვის თავისებურებებზე, რეგრესიის სინდრომზე, დიაგნოსტირებაზე, მკურნალობის მეთოდებზე, დემენციისა და დეპრესიის ადრეული გამოვლენის კრიტერიუმებზე.
„ღონისძიება -ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერით გაიმართა.
ყოველი წლის 21 მარტს, მსოფლიო დაუნის სინდრომის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს აღინიშნავს. ამ დღის მიზანი დაუნის სინდრომის მქონე პირთა შესახებ ცნობიერების ამაღლება და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციაა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ