ფასიანი ქაღალდების გამოშვება 10-მდე ბიზნესს სურს – მიხეილ ხიდურელი

სააგენტო “აწარმოე საქართველოს” ხელმძღვანელის, მიხეილ ხიდურელის ინფორმაციით, ფასიანი ქაღალდების გამოშვება უკვე 10-მდე ბიზნესს სურს.
მისი ინფორმაციით, სააგენტოში უკვე შეიქმნა ალტერნატიული მექანიზმების დეპარტამენტი, რომელიც განახორციელებს სხვადასხვა პროგრამას, მათ შორის ფასიანი ქაღალდების გამოშვების ტექნიკური დახმარების პროგრამას, რომელიც ძალიან მალე ამოქმედდება.
„დღეის მდგომარეობით, სააგენტოს მთავარი პროგრამები, რომელიც საზოგადოებისთვისაა ცნობილი, ბანკებთან თანამშრომლობით ხორციელდება. ჩვენ სესხის პროცენტის დაფინანსებას და ასევე სესხის უზრუნველყოფას ვახდენთ მეწარმეებისთვის, თუმცა ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ქვეყანაში უნდა განვითარდეს კაპიტალური ბაზრები, რასაც ჩვენ უწოდებთ ალტერნატიული დაფინანსების მექანიზმს. ამიტომ, ჩვენს სააგენტოში უკვე ოფიციალურად შეიქმნა ალტერნატიული ფინანსური მექანიზმების დეპარტამენტი, რომელიც სხვადასხვა, მათ შორის ფასიანი ქაღალდების გამოშვების პროგრამას განახორციელებს.
წელს უკვე ჩვენი მხრიდან მცირე და საშუალო ბიზნესის ფონდის შექმნა იგეგმება, სადაც 25%-იანი წილი ექნება „აწარმოე საქართველოში“ ანუ სახელმწიფოს, დანარჩენს, რა თქმა უნდა, მოვიზიდავთ სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტებიდან. არის შესაძლებლობა, რომ მეწარმეებს გაუჩნდეთ საშუალება ბანკის პროდუქტებთან ერთად, კაპიტალური ბაზრის სხვადასხვა მექანიზმები გამოიყენონ. ჩვენ თუ გადავხედავთ ყველა განვითარებულ ქვეყანას, ეს გზა ყველამ გაიარა. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი სააგენტო, ქვეყანა გადადის ახალ ეტაპზე და გვექნება ბევრი ძალიან საინტერესო სიახლე“, – განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.
მისივე თქმით, სააგენტომ უკვე იცის როგორი იქნება კომპანიების აქტივობა პროექტის დაწყების შემდეგ.
“ფასიანი ქაღალდების შესახებ როგორც კი დაანონსდა პროექტი უკვე დაახლოებით ათამდე ბიზნეს სუბიექტმა მოგვმართა. ამიტომ, დარწმუნებული ვარ როგორც კი პროექტს დავიწყებთ ინტერესი იქნება. დაახლოებით ვიცით რა რაოდენობის ინტერესი იქნება და ჩვენ პროაქტიურად ვიმუშავებთ ამ კომპანიებთან”, – ამბობს ხიდურელი.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლიდან სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ ახალ ფუნქცია შეითავსა და კომპანიებს ფასიანი ქაღალდების გამოშვებაში დაეხმარება. 2024 წლის განმავლობაში, დაგეგმილია 15-მდე ბენეფიციარის მხარდაჭერა, რომლებიც 150 მილიონამდე დამატებით საინვესტიციო რესურსს მოიზიდავენ საფონდო ბაზარზე.

bm.ge

ასევე დაგაინტერესებთ