ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ავსტრიის რესპუბლიკაში ქეთევან ციხელაშვილს შეხვდა.
როგორც ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბიუროს ხელმძღვანელმა ელჩს საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის (IACA) ასამბლეის მე-12 სესიის ვიცე-პრეზიდენტად დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
„საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემია (IACA) დაარსდა 2010 წელს ვენაში. აკადემიის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ანტიკორუფციული მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას და შესაბამისი ტრენინგებისა და სასწავლო პროგრამების განხორციელებას როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. შეხვედრაზე მხარეებმა ანტიკორუფციულ ბიუროსა და საერთაშორისო ანტიკორუფციულ აკადემიას (IACA) შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და ერთობლივი პროექტების შესახებ იმსჯელეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა საერთაშორისო ანტიკორუფციულ აკადემიასა და ანტიკორუფციულ ბიუროს შორის შემდგომი თანამშრომლობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და სასწავლო მიმართულებით წარმატებული მოდელის ჩამოყალიბებაში. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე თამთა კაჭკაჭიშვილი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.