„წლიურად 3 ათასიდან 8 ათასამდე საწვიმრის რეალიზაცია ხდება“ – „ჟუჟუნა წვიმა“

კომპანია „ჟუჟუნა წვიმა“ წლის განმავლობაში 3-4 ათასი საწვიმრის რეალიზაციას ახდენს. კომპანიის თანადამფუძნებლის თქმით, „ჟუჟუნა წვიმა“ თანამშრომლობს ჩინეთში არსებულ კომპანიასთან, სადაც მზადდება მათ მიერ მიწოდებული დიზაინის საწვიმრები და იგზავნება საქართველოში.
„საწვიმრების დიზაინსა და პრინტს ჩვენ თვითონ ვქმნით. ამის შემდეგ, დეტალებს ვაწვდით ჩინეთში არსებულ ერთ-ერთ კომპანიას, რომელთანაც ვთანამშრომლობთ. დამზადებული პროდუქცია კი საქართველოში ჩამოგვაქვს.
გარკვეული პერიოდის მანძილზე, ჩვენ თვითონვე გვქონდა დანადგარი და ადგილზე ვაკეთებდით ინდივიდუალურ პრინტებს (150-200 საწვიმარი), რომლებსაც კომპანიები გვიკვეთავდნენ, თუმცა ამ ყოველივეს ძალიან დიდი რესურსი და სივრცე დასჭირდა, შესაბამისად დროებით ეს მიმართულება შევაჩერეთ.
პროდუქციის დამზადებას და ტრანსპორტირებას დიდი დრო სჭირდება. დაახლოებით 4-5 თვე. შესაბამისად, წელიწადში ერთხელ ჩამოგვაქვს პროდუქცია ძალიან დიდი რაოდენობით. გვქონია შემთხვევები, როდესაც წლის მანძილზე 3-4 ათასი საწვიმარი გაყიდულა, თუმცა 8 ათასამდეც ასულა რეალიზაცია“.
როგორც ელენე ქაჯაიამ აღნიშნა, საწვიმრების ფასი 23 ლარამდეა. ყველაზე მოთხოვნადი კი საქართველოს რუკის პრინტით დამზადებული პროდუქციაა.
„საწვიმრების ფასი 23 ლარამდე მერყეობს. ასევე, გვაქვს ფეხსაცმლის მრავალჯერადი დამცავები, რომლებიც 20 ლარი ღირს.
ყველა სეგმენტს მოვიცავთ, ბავშვიდან დაწყებული, მოხუცებით დამთავრებული. ძალიან ხშირად ემიგრანტებიც გვიკვეთავენ საქართველოს თემატიკის საწვიმრებს და ფოსტის საშუალებით ვუგზავნით.
ფერის მიხედვით, ყველაზე მოთხოვნადი ყვითელი, იასამნისფერი და შავია. რაც შეეხება პრინტს, საქართველოს რუკის პრინტით დამზადებული საწვიმრები ყველაზე მოთხოვნადია“.
„ჟუჟუნა წვიმა“ ასორტიმენტის გამრავალფეროვნებას და დელივერ კომპანიებთან თანამშრომლობას გეგმავს.
„ერთადერთი კომპანია ვართ, რომელიც უშუალოდ საწვიმრებზეა ორიენტირებული.
ვგეგმავთ ახალი პრინტებისა და ფერების დამატებას, რაც მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს, არჩევანი გააკეთოს მრავალფეროვანი ასორტიმენტიდან.
ასევე, ვაპირებთ დელივერ კომპანიებთან თანამშრომლობას, ვინაიდან ხშირია შემთხვევები, როდესაც მომხმარებელს დაურეკავს და უთქვამს, რომ 10-15 წუთში სჭირდება საწვიმარი.
ძალიან დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, საბავშვო საწვიმრებშიც დავამატეთ საქართველოს რუკის პრინტი და გაყიდვაშიც მალე ჩაეშვება,“ – აღნიშნა კომპანიის თანადამფუძნებელმა, ელენე ქაჯაიამ.
ცნობისთვის, „ჟუჟუნა წვიმა“ ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან გამოჩნდა. კომპანიას ამჟამად 3 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ონლაინ, „ჟუჟუნა წვიმას“ facebook და instagram გვერდებიდან.