ფოთში მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით პროტესტი გრძელდება

ფოთში, ნაბადის უბანში, სამეგრელოს ქუჩის მცხოვრებლების პროტესტი გრძელდება. ისინი მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობის დაუყოვნებლივ შეჩერებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეებს კვლავ გადაკეტილი აქვთ საავტომობილო გზა. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.
მათი თქმით, ტერმინალი დასახლებულ პუნქტთან ახლოს შენდება, რაც ხმაურს იწვევს.
შეკრებილების განცხადებით, აღნიშნულ ტერმინალზე სახიფათო ნარჩენების გადამუშავება განხორციელდება, რაც მათ ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის. მათივე თქმით, მშენებელ კომპანიას არა აქვს შესაბამისი დოკუმენტები. ადგილობრივები აცხადებენ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შესაბამის უწყებებს მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. პროტესტის მონაწილეები კომპანიის წარმომადგენლებს დღეს ადგილზე ელოდებოდნენ, თუმცა მათთან არავინ გამოჩენილა.
“ჩვენ მოლაპარაკებული ვიყავით, რომ ისინი უნდა მოსულიყვნენ აქ, ადგილზე უნდა გაცნობოდნენ სიტუაციას, უნდა ენახათ რა ხდება ჩვენს სახლებში და ერთად უნდა განგვეხილა ყველა დეტალი, რომელიც აწუხებს მოსახლეობას, თუმცა, მაშინ, როდესაც შეხვედრა უნდა შემდგარიყო მივიღეთ შეტყობინება, რომ ოფისში გვეპატიჟებოდნენ შესახვედრად, რაზეც უარი განვაცხადეთ. ეს არის დაუფასებლობა, ადამიანების აბუჩად აგდება”, – განაცხდა აქციის მონაწილე, დოკა ბაღათურიამ.
კომპანია ,, ტრასტერმინალში“ აცხადებენ, რომ სამშენებლო სამუშაოები კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს და ისინი მზად არიან ადგილობრივებს ნებისმიერ დროს შეხვდნენ ოფისში.
,,მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტაცია ადგილზე გვაქვს, მზად ვართ, აქციის მონაწილეებს შევხვდეთ აქ, ჩვენს ოფისში და გავაცნოთ მათ ყველანაირი დოკუმენტაცია. აქციის მონაწილეებს შევხვდეთ არა ქუჩაში, არამედ ოფისში, სადაც შესაძლებელი იქნება პრეზენტაციის ჩატარება. ჩვენ ველოდით მათ დღეს, მაგრამ სამწუხაროდ, ეს შეთანხმება მათთან არ შედგა“, – განაცხადა კომპანია „ფოთი ტრასტერმინალის“ გენერალურმა დირექტორმა ორხან ხასანლიმ.
მოსახლეობა მშენებლობის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პერმანენტული საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.