საქართველოს წარმომადგენლები საბავშვო ევროვიზიაზე გაემგზავრნენ

საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლები ანასტასია ვასაძე, ნიკოლოზ ხარატი და ოთო ბაზერაშვილი საფრანგეთის ქალაქ ნიცაში გაემგზავრნენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ისინი გულშემატკივრებმა გააცილეს.
საკონკურსო სიმღერა – Over The Sky, რომელსაც ანასტასია ვასაძე, ნიკოლოზ ხარატი და ოთო ბაზერაშვილი ევროვიზიის სცენაზე შეასრულებენ, ბეთხომ და მებო ნუცუბიძემ დაწერეს. კლიპის გადაღებები სამ სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობდა.
მომღერლებთან ერთად, ევროვიზიის სცენაზე კიდევ ორი მოცეკვავე, ნიტა ჯამაგიძე და ბარბარე ქაჯაია გამოვლენ.
საბავშვო ევროვიზიის რიგით 21-ე კონკურსი საფრანგეთის ქალაქ ნიცაში 26 ნოემბერს, 19:00 საათზე დაიწყება, რეპორტაჟს პირველი არხის ეთერში ნიკა ლობილაძე გაუძღვება. ხმის მიცემა 24 ნოემბერს, 23:00 საათიდან დაიწყება.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მივდივარ ნიცაში მთლიან გუნდთან ერთად. ძალიან კარგი მოლოდინი გვაქვს. აუცილებლად ჩამოვიტანთ საქართველოში ძალიან მაგარ ემოციებს. საქართველო კი არ ჩავა ევროპაში, არამედ ევროპა ჩამოვა საქართველოში. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ხმას მოგვცემთ“, – განაცხადა ანასტასია ვასაძემ გამგზავრებამდე.
„რა თქმა უნდა, მომზადებული ვარ. ვარ გახარებული და შემართებით მივდივართ ნიცაში. ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, გამარჯვებაა, ყველასთვის, ვინც საქართველოს მხარს უჭერს. ჩემი აზრით, აუცილებლად გავიმარჯვებთ. ყველანაირად ვეცდებით“, – აღნიშნა ნიკოლოზ ხარატმა.
„ვართ ძალიან დიდი შემართებით. ძალიან მიხარია, რომ ევროვიზიაზე მივდივართ და ანასტასიას ვუმაგრებთ მხარს. ბევრგან მითქვამს და ახლაც ვიტყვი, რომ ხელისგულზე უნდა ვატაროთ, რადგან გოგოა და მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს. ყველაფერს ვიზამთ, მაგრამ ხალხმა უნდა დაგვიჭიროს მხარი, რომ მომავალ წელს უკვე საქართველოში ჩატარდეს ევროვიზია. დაგვიჭირეთ მხარი“, – განაცხადა ოთო ბაზერაშვილმა.