„დასაქმების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ელექტრობისა და შედუღების პროგრამებიდან გვაქვს“ – კასპის პროფესიული კოლეჯი

რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიული განათლების ნავიგატორი“ კასპის პროფესიულ კოლეჯზე დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ქეთევან ჭუჭულაშვილმა და კარიერის დაგეგმვის და პროფორიენტაციის მენეჯერმა თათია ცინცაძე ისაუბრეს.
კასპის პროფესიულ კოლეჯმა ავტორიზაცია 2021 წელს გაიარა, 2022 წლიდან კი პირველი სტუდენტები მიიღო. კოლეჯი პროფესიული განათლების ბაზარზე 8 პროგრამით შემოვიდა, დროთა განმავლობაში კი პროგრამების რიცხვს ზრდის.
„ჩვენ პროგრამები თავიდანვე ადგილობრივი შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად შევარჩიეთ, რადგან პროფესიული განათლების პრიორიტეტი არის დასაქმება. ჩვენი კოლეჯი საკმაოდ თანამედროვედ არის აღჭურვილი. აღსანიშნავია ჩვენი პრაქტიკული მეცადინეობის სახელოსნოები.
3 პროგრამა გვაქვს სამშენებლო მიმართულებით. დასაქმების ყველაზე დიდი მაჩვენებელი გვაქვს შედუღების და ელექტრობის პროგრამებზე. ასევე ძალიან მოთხოვნადია ვიზაჟის და სამკერვალო წარმოების პროგრამა. ვამაყობთ მებოსტნეობის პროგრამით. ასევე გვაქვს პროგრამა – კომპიუტერული ქსელი და სისტემები. ასევე გვაქვს ქალის ტანსაცმლის კერვის მოკლევადიანი პროგრამა და ვაპირებთ ჩავუშვათ ბავშვის ტანსაცმლის კერვის მოკლევადიანი პროგრამა. გვაქვს ასევე სურსათის უვნებლობის მიმართულებით პროგრამა.
პროგრამა გვაქვს როგორც საშუალო საფეხურის პროგრამა, ასევე ინტეგრირებული მიდგომით, რაც გულისხმობს, რომ კოლეჯის დამთავრების შემდეგ სტუდენტს შეუძლია მიიღოს ატესტატთან გათანაბრებული დიპლომი და შემდეგ ჩააბაროს უმაღლესი განათლების სასწავლებელში“, – აღნიშნა ქეთევან ჭუჭულაშვილმა.
მისი თქმით, ინტეგრირებულმა პროგრამამ დიდი ინტერესი გამოიწვია და ამ პროგრამაზე მოხვედრისთვის კონკურსით შეირჩა სტუდენტები. როგორც მან განმარტა, პროფესიულ კოლეჯში ყველა პროგრამაზე სწავლა სრულად უფასოა და სახელმწიფოს მხრიდან ფინანსდება.
როგორც გადაცემის კიდევ ერთმა სტუმარმა, კასპის კოლეჯის კარიერის დაგეგმვის და პროფორიენტაციის მენეჯერმა თათია ცინცაძემ განაცხადა, კოლეჯში ჩაბარების ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს მიიღოს სრული კონსულტაცია.
„მთელი წლის განმავლობაში ძალიან აქტიურად გვაქვს საინფორმაციო შეხვედრები სკოლებში. ასევე ჩვენთან კვირაში 3-4 დღის განმავლობაში სკოლებიდან თვითონ მოდიან. ჩვენ, ფაქტობრივად, მთელი შიდა ქართლი გვაქვს დაფარული, გორი, ქარელი, ხაშური და ა.შ.
დაინტერესება წლიდან წლამდე იზრდება. პროფესიულ განათლებაში ზედა ზღვარი არ არსებობს და პროგრამებზე დარეგისტრირება ნებისმიერ მსურველს შეუძლია“, – აღნიშნა თათია ცინცაძემ.
მისი თქმით, პროფესიული კოლეჯი აქტიურად თანამშრომლობს შიდა ქართლში არსებული ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან, ასევე ჰყავს პარტნიორი ორგანიზაციები თბილისში, რომლებიც პროგრამების დახურვის შემდეგ სტუდენტების დასაქმების პროცესში მონაწილეობენ.
„ელექტრობისა და შედუღების პროგრამების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი ძალიან მაღალია. დღეს ფაქტობრივად, არ გვაქვს სტუდენტი, რომელსაც ბიზნესს ელექტრობის მიმართულებით შევთავაზებთ“, – აღნიშნა თათია ცინცაძემ.
ქეთევან ჭუჭულაშვილმა გადაცემაში პროფესიული სასწავლებლების გამოწვევებზეც ისაუბრა და მთავარ პრობლემად არასაკმარისი ცნობადობა დაასახელა, რაზედაც მისი თქმით, კოლეჯის თანამშრომლები მუდმივად მუშაობენ და ამ მიმართულებით საზოგადოების ინფორმირებისთვის რესურსებს არ იშურებენ.