ტექნოლოგიური გიგანტი Xiaomi ელექტრომობილების გაყიდვებს იწყებს

ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი Xiaomi ავტოინდუსტრიაში ოფიციალურად ჩაერთო – კომპანია ელექტრომობილების გაყიდვას მიმდინარე თვიდან იწყებს. BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ კომპანიამ დღეს განაცხადა, ავტომობილის საფასო კატეგორიას კი Xiaomi 28 მარტს გაასაჯაროებს.
თავად Xiaomi კი, რომელიც ჩინეთში სმარტფონების მწარმოებელი რიგით მე-5 უმსხვილესი კომპანიაა, ელექტრომობილებზე შეკვეთებს ქვეყნის 29 ქალაქში განთავსებულ 59 მაღაზიაში მიიღებს.
ჩინეთში, რომელიც ავტომობილებისთვის უმსხვილესი ბაზარია, ელექტრომობილების მწარმოებლებს შორის კონკურენცია დღითი დღე იზრდება, რაც BYD-სა და Tesla-ს მიერ, კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად, ფასების დაკორექტირებითაც გამოიხატება.
Xiaomi-მ პირველი ელექტრომობილი Speed Ultra 7 გასული წლის ბოლოს წარადგინა. მაშინ კომპანიის CEO-მ განაცხადა, რომ Xiaomi-ს მიზანი მსოფლიოს 5 ავტომწარმოებელს შორის მოხვედრა იყო, რისთვისაც მომდევნო 10 წლის განმავლობაში $10-მილიარდიან ინვესტიციას გამოყოფდა.
Xiaomi-ის ელექტრომობილის მთავარი უპირატესობა, კომპანიის დირექტორის, ლეი ძუნის განცხადებით, მისი “სუპერ ელექტროძრავია”, რომელსაც მაღალი სიჩქარის განვითარება Tesla-სა და Porsche-ს ელექტრომობილებზე მოკლე დროში შეუძლია.
SU7 მოდელს სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი კომპანია BAIC Group-ი ააშენებს, რომლის ქარხანაშიც წელიწადში 200 000 ავტომობილის წარმოება შეუძლია.
დღევანდელი განცხადების შემდეგ, ჰონგკონგის საფონდო ბირჟაზე Xiaomi-ის აქციების ღირებულება 10%-ზე მეტით გაიზარდა.