„ბიზნესის გასაფართოებლად მეტ სესხს ვერ ვიღებ“ – რა პრობლემებს აწყდება Makatents-ი ბიზნესის წარმოებისას

„საწყისი კაპიტალი არ მაქვს. ბავშვის მდგომარეობის გამო იპოთეკა გვაქვს სახლზე, ლიმიტი გვაქვს შევსებული და ბიზნესის გასაფართოებლად მეტ სესხს ვერ ვიღებ“, – ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას Makatents-ის ხელმძღვანელმა მაკა რიგვავამ განაცხადა, რომელიც 7 წელია საბავშვო კარვებს ამზადებს, ხალათებს, პირსახოცებსა და ბავშვის პიჟამებს კერავს და ონლაინ ყიდის. Makatents-ის შემოსავალი ძირითადად მისი 17 წლის შვილის, მარიამის მკურნალობას ხმარდება, რომელსაც ცერებრალური დამბლა, მძიმე ფორმის ეპილეფსიური შეტევები და სხვა თანმხლები დაავადებები აქვს.
როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას მაკა რიგვავა ჰყვება, საკურიერო სერვისმა, onway-მ მარიამს საქართველოს მასშტაბით უფასო საკურიერო სერვისი აჩუქა და ხელნაკეთი კარვები და სხვა 100%-ით ნატურალური ქსოვილისგან დამზადებული ნაწარმი უფასოდ მიეწოდება მომხმარებელს. ამას გარდა, უკვე 2 წელია კარვები მინიმალური პროცენტის სანაცვლოდ extra.ge-ზე იყიდება.
მაკა რიგვავას მიერ დამზადებული კარვების ფასი 160-დან 250 ლარამდეა: კერავს 7 წლამდე, 10-12 წლის ბავშვისთვის და 3 ბავშვზე გათვლილ კარვებს, რომელთაც მოჰყვება – სტანდარტული საფენი ანტიალერგიული შიგთავსით, 2-2 ბალიში და 250-ლარიანს პლუს კიდევ – სათამაშოების ჩანთა.
„კარვების დამზადება, დაახლოებით, 7 წლის წინ დავიწყე. კარვებისთვის და სხვა ნაწარმისთვის თურქულ, 100%-ით ნატურალურ ბამბის ქსოვილს ვიყენებ. რასაც ვამზადებ და ვკერავ, სოციალური ქსელის საშუალებით ვყიდი. 2 წელია უკვე extra.ge-ზე იყიდება ჩვენი კარვები. მადლობელი ვარ მათი, საკმაოდ გვეხმარებიან და გვერდში გვიდგანან.
3 ზომაში მაქვს კარვები: პირველი არის სტანდარტული ზომა, 7 წლამდე ბავშვისთვის – 120/120 სმ-ზე, შიდა სიმაღლე 180 სმ, რომელსაც 2 ბალიში და სტანდარტული საფენი მოჰყვება; მეორე ზომა 10-12 წლამდე ბავშვებზეა გათვლილი (130-130 სმ-ზე, სიმაღლე 190 სმ); მესამე – 150/150 სმ-ზეა, მას 2 ბალიში, საფენი და სათამაშოების ჩანთა მოჰყვება. მიწოდება უფასო გვაქვს. ჩემს გოგოს საკურიერო სერვისმა onway-მ უფასო მიწოდების სერვისი აჩუქა საქართველოს მასშტაბით, საქველმოქმედო თანადგომა გაგვიწია და მომხმარებელს მცირე საჩუქარი გავუკეთეთ“, – ამბობს Makatents-ის ხელმძღვანელი.
მაკა რიგვავა გვიყვება, რომ პანდემიის შემდეგ ფასების ზრდა მოუწიათ, რადგან ქსოვილები, რასაც იყენებდნენ თითქმის 100%-ით გაძვირდა.
„პანდემიამდე კარვების ფასები 120 ლარიდან იწყებოდა. მაშინ ქსოვილის ფასი 6 ლარიდან იყო, ახლა 10-11 ლარი ღირს, თითქმის 100%-იანი ზრდაა. მეც ვერ გავაორმაგე ფასი, მაგრამ 35%-მდე გავზარდე“, – ამბობს მაკა რიგვავა.
კარვების გარდა, მაკა რიგვავა ბავშვებისა და მოზრდილებისთვის კერავს ბამბის „ვაფლის“ ქსოვილის აბაზანის ხალათებსა და პირსახოცებს, ასევე – საოჯახო, საბავშვო ლოგინის თეთრეულის კომპლექტებს. პირსახოცების ფასი 10-დან 35 ლარამდეა; ლოგინის თეთრეული 95-დან 165 ლარამდე ღირს, ვაფლის ხალათები კი – 85 ლარი.
მაკა რიგვავა ამბობს, რომ სხვა მაღაზიებშიც სურს კარვების შეტანა, მაგრამ მზა მოდელებს ითხოვენ, შვილის მდგომარეობიდან გამომდინარე კი ბიზნესის გაფართოებას ვერ ახერხებს.
„მასობრივად ვერ ვუშვებ ბევრს იმიტომ, რომ მათი საბაზრო ღირებულება საკმაოდ მაღალია. საწყისი კაპიტალი არ მაქვს. ჩემი შვილის პრობლემის გამო იპოთეკა გვაქვს სახლზე, ლიმიტი გვაქვს შევსებული და მეტ სესხს ვერ ვიმატებ, თორემ დიდი სიამოვნებით ავიღებდი. მაღაზიაც მქონდა, მაგრამ პანდემიის პერიოდში ყველაფერი რომ ჩაიკეტა, ვეღარ ვმუშაობდით და ფართის მეპატრონემ ქირის, 1000 ლარის, გადახდა მოგვთხოვა. ამიტომ იძულებული ვიყავით, მაღაზია დაგვეკეტა. ჯერჯერობით მხოლოდ ონლაინ ვყიდით. სხვა მაღაზიებშიც გვინდა შევიტანოთ კარვები. „ჭიტასგან“ გვქონდა შემოთავაზება. გვითხრეს, მზა პროდუქციას გაგიყიდითო, მაგრამ სჭირდებათ გამზადებული მოდელები, ჩვენ ფინანსურად ამის საშუალება არ გვაქვს. რამდენიმე ორგანიზაციას მივმართე დაფინანსებისთვის, ან ხელის შეწყობისთვის, ან სესხისთვის, მაგრამ ჯერ არაფერი გამოვიდა“, – ამბობს მაკა რიგვავა.

ასევე დაგაინტერესებთ