ყველასთვის კარგად ცნობილი ChatGPT-ის შემქმნელი კომპანია OpenAI-ს საბჭოს მიერ ხელმძღვანელობიდან ახლახან გათავისუფლებული სემ ოლტმენი სამუშაოდ Microsoft-ში აიყვანეს.
ორგანიზაციის თანადამფუძნებელს თანამდებობა პარასკევს დაატოვებინეს. მიზეზად ის დაასახელეს, რომ ოლტმენი მათთან კომუნიკაციაში გულწრფელი არ იყო, რაც მის მიერ მოვალეობების შესრულებას ხელს უშლიდა. იმავე დღეს სემის ბედი გაიზიარა OpenAI-ის აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა გრეგ ბროკმენმაც.
Microsoft-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის, სატია ნადელას, განცხადებით, კომპანიას ორივე მათგანი შეუერთდა. როგორც ცნობილია, ისინი სათავეში ხელოვნური ინტელექტის ახალ, მოწინავე, კვლევით გუნდს ჩაუდგებიან.
“ძალიან მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ სემ ოლტმენი და გრეგ ბროკმენი, კოლეგებთან ერთად, Microsoft-ს უერთდებიან, რათა ხელოვნური ინტელექტის ახალ კვლევით გუნდს უხელმძღვანელონ. ვაპირებთ, ისინი სწრაფად მოვამარაგოთ რესურსით, რომელიც წარმატებისთვისაა საჭირო”, — წერს ნადელა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.
We remain committed to our partnership with OpenAI and have confidence in our product roadmap, our ability to continue to innovate with everything we announced at Microsoft Ignite, and in continuing to support our customers and partners. We look forward to getting to know Emmett…— Satya Nadella (@satyanadella) November 20, 2023
ასევე, ის აცხადებს, რომ OpenAI-სთან პარტნიორობას განაგრძობს, რათა დასახული მიზნები განახორციელოს. ამ პოსტს თავად ოლტმენიც გამოეხმაურა და თქვა, რომ “მისია გრძელდება”.
OpenAI-ში ოლტმენის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ემეტ შირი აირჩიეს. მან მირა მურატის ადგილი დაიკავა, რომელიც სემს მოულოდნელი გათავისუფლებიდან მალევე, ცოტა ხნით, ჩაენაცვლა.
აღსანიშნავია, რომ Microsoft-ს კომპანია OpenAI-ში დაახლოებით 10 მილიარდდოლარიანი ინვესტიცია აქვს ჩადებული და მასთან ერთად ახალი პროდუქტების შექმნასა და ძველის გაუმჯობესებაზე მუშაობს. ტექნოლოგიური გიგანტი ხელოვნური ინტელექტის მხრივ განვითარებას გეგმავს, რაშიც მას ახლა უკვე ოლტმენი დაეხმარება.