შსს: საქართველოს ნაყიდი სამაშველო ვერტმფრენი გადმოეცა

საქართველოს გადაეცა სამი ნაყიდი ახალი სამაშველო ვერტმფრენიდან ერთ-ერთი. ინფორმაციას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელმაც ფრანგულ მხარესთან კონტრაქტი გააფორმა.
პრესსამსახური აღნიშნავს, რომ 15 მარტამდე სასაზღვრო პოლიციის მფრინავები და ბორტ-ტექნიკოსები თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებას გერმანიაში, Airbus Helicopters-ის სასწავლო აკადემიაში გადიან. სასწავლო კურსის გავლის შემდეგ გადამზადებული ეკიპაჟის წევრები ვერტმფრენს საქართველოში ჩამოიყვანენ.
H145 მრავალფუნქციური შვეულმფრენია, რომელსაც შეუძლია შეასრულოს პოლიციური, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ფუნქციები. ახალი შვეულმფრენები სრულად იქნება დაკომპლექტებული ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. მათ აქვთ 2 ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას.
ამ ტიპის შვეულმფრენი მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც, საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადი იქნება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ Airbus Helicopters-თან ხელშეკრულება 2022 წლის დეკემბერში დადო – დოკუმენტს ხელს აწერენ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი ნიკოლოზ შარაძე და Airbus Helicopters-ის წარმომადგენელი რომეინ ლანა.
ახალი შვეულმფრენების შეძენა სახელმწიფოს 26 500 000 ევრო უჯდება. ამავდროულად, შინაგან საქმეთა სამინისტრო Airbus Helicopters-ს 5 500 000 ევროს სანაცვლოდ გადასცემს AS332 L1e S/N 2833-ს (“სუპერ პუმას”), რომელიც წლების განმავლობაში გამოუყენებელია.

ასევე დაგაინტერესებთ