მიხელ ბატიაშვილი – BTU-ს ახალი კამპუსი სტუდენტებს 2025 წლიდან მიიღებს

2025 წლიდან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სასწავლო პროგრამებს კიდევ ერთ, ახალ კამპუსში განახორციელებს. კამპუსის მშენებლობა უკვე დაიწყო. თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე არსებული უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გაფართოებულ ინფრასტრუქტურას მრავალფუნქციური სივრცეები, ახალი ლაბორატორიები, თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი აუდიტორიები, მიწისქვეშა პარკინგი და სხვა მულტიმედია ოთახები დაემატება. ეს BTU-ს საშუალებას მისცემს მნიშვნელოვნად გაზარდოს როგორც სტუდენტების რაოდენობა, ისე შეთავაზებული სასწავლო პროგრამები.
ახალი ინოვაციური პროგრამები საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, უპრეცედენტო ინიციატივები ხელოვნური ინტელექტისა თუ სხვა ტექნოლოგიების სფეროებში, პარტნიორობა მსოფლიოს წამყვან მაღალრეიტინგულ უნივერსიტეტებთან და ორი დიპლომის მოპოვების შესაძლებლობები, საერთაშორისო თანამშრომლობა და მასშტაბური კვლევითი პროექტები – ყოველივე ეს, 2025 წლიდან, BTU-ს ახალ კამპუსში განხორციელდება. უფრო დეტალურად მიღწევებსა და გეგმებზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ ბატიაშვილი გვესაუბრება.
რა ახალ შესაძლებლობებს შექმნის უნივერსიტეტის ახალი კამპუსი?
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ახალი კამპუსი 2025 წლიდან დაიწყებს ფუნქციონირებას. ეს იქნება 6 000 კვ.მ.-ზე განთავსებული სივრცე თანამედროვე აუდიტორიებით, მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიებითა და მრავალფუნქციური, მულტიმედია ოთახებით.
რატომ გადაწყდა ახალი კამპუსის აშენება განვითარების მოცემულ ეტაპზე?
განვლილი წლების განმავლობაში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა მოახერხა და გახდა ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნადი და ინოვაციური უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც სტუდენტებს მაღალი ხარისხის განათლებას სთავაზობს. სასწავლო კურსის პარალელურად, ჩვენი სტუდენტები იღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას იმ მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიებში, რომლებიც უნივერსიტეტის სივრცეებში ფუნქციონირებს.
დღეს ჩვენ უამრავი წარმატებული სტუდენტითა და კურსდამთავრებულით ვამაყობთ, რომლებიც ქმნიან საკუთარ სტარტაპებს ან წარმატებით საქმდებიან ადგილობრივ თუ უცხოურ მოწინავე კომპანიებში.
ტექნოლოგიები კი მსოფლიო მასშტაბით და მათ შორის, საქართველოში, ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და მაღალანაზღაურებადი სექტორია. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ დრო იყო განვითარების ახალ ეტაპზე გადავსულიყავით და უფრო მეტი ადამიანისთვის მიგვეცა შესაძლებლობა, ამ ინდუსტრიის ნაწილი გამხდარიყო. დღეს ქართველი ახალგაზრდები მუშაობენ არა მხოლოდ ადგილობრივად, არამედ ტექნოლოგიების ექსპორტს ახორციელებენ. უკანასკნელი მონაცემებით, 20 000-მდე ადამიანი მუშაობს საქართველოდან მსოფლიოს სხვადასხვა ტექნოლოგიური კომპანიისთვის და იღებს საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას. ამ პროცესში კი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს გარკვეული როლი აქვს, როგორც ინოვაციური განათლების კონტრიბუტორს. დღეს ჩვენს პროგრამებზე მოთხოვნა 3-4-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე სტუდენტების რეალური რაოდენობა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ მეტ ახალგაზრდას მივცეთ შესაძლებლობა გახდნენ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე განვითარებადი და მაღალანაზღაურებადი სექტორის ნაწილი და გავხსნათ ახალი კამპუსი. შედეგად უფრო მეტი ნიჭიერი ახალგაზრდა მიიღებს განათლებას ტექნოლოგიების, ინოვაციების თუ სხვა მოთხოვნად სფეროში, რაც საბოლოოდ ქვეყნის ეკონომიკასა და კეთილდღეობაზე აისახება.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ უნივერსიტეტი აგრეთვე ამატებს უპრეცედენტო საბაკალავრო პროგრამას ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, რომელიც ამჟამად, აკრედიტაციის პროცესშია. პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტები არა მხოლოდ BTU-ს, არამედ, გერმანული ცვიკაუს უნივერსიტეტის (Zwickau University of Applied Sciences) დიპლომის სრული დაფინანსებით მოპოვების შესაძლებლობას იღებენ. აგრეთვე, სტუდენტები შეძლებენ სურვილისამებრ მოიპოვონ Microsoft-ის საერთაშორისო სერტიფიკატები ხელოვნური ინტელექტის ცალკეულ კომპონენტებში. 4 წლის განმავლობაში სასწავლო პროცესში ჩაერთვებიან გერმანული უნივერსიტეტის პროფესორებიც.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი არის პირველი საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოში, სადაც AI გადაწყვეტილებების ინტეგრირება სასწავლო და ადმინისტრაციულ პროცესებში დაიწყო. ინოვაციური BTU AI პლატფორმა აერთიანებს საგანმანათლებლო, კვლევით და მულტიმედია მასალას, AI წიგნებს, AI ლექტორს, პოდკასტებს, სტატიებს და სხვა რესურსებს, რომელიც სისტემატურად განახლებადია. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინიციატივით შეიქმნა GeorgiAI, ქვეყნის მასშტაბური ციფრული ფონდი, რომელიც ბიზნესპროცესების გაუმჯობესებისა თუ სხვა მიზნებისთვის გამოიყენება.
2016 წელს, როდესაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი შექმენით, გქონდათ მოლოდინი, რომ განვითარების ტემპი ასეთი სწრაფი იქნებოდა?
განვითარების გეგმა და მოლოდინი, რა თქმა უნდა, გვქონდა. თუმცა მეორე კამპუსის ასეთ მოკლე ვადაში გახსნას ნამდვილად არ ვფიქრობდით.
ჩვენს სასწავლო პროგრამებზე მოთხოვნა მაღალია, რადგან სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებელი დიდია. ეს კი დასტურია იმისა, რომ ახალგაზრდებს ხარისხიან და ბაზრის შესაბამის განათლებას ვთავაზობთ.
ტექნოლოგია ეს არის ერთ-ერთ მთავარი განვითარების ხაზი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ამიტომ მოთხოვნა მაღალკვალიფიციურ კადრებზე კიდევ უფრო გაიზრდება. მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია ის საკითხი, რომ ინოვაციების ცალკეულ სფეროში დასაქმებული ადამიანების ანაზღაურება სხვებთან შედარებით მეტია. ეს ყველაფერი გვაძლევს მოტივაციასა და მიზანს, რომ უფრო მეტ ახალგაზრდას დავეხმაროთ წარმატების მიღწევაში. რამდენიმე წლის წინ, ალბათ, წარმოუდგენელი იყო, რომ ადამიანი საქართველოდან იმუშავებდა გლობალურ ტექნოლოგიურ კომპანიაში. დღეს კი ეს რეალობაა და ამ პროცესში წვლილი ჩვენც მიგვიძღვის.
ასე რომ, შემდეგ ეტაპზე გადასვლისა და ახალი კამპუსის გახსნის დრო ნამდვილად მოსულია.
განვითარების ახალ ეტაპზე ხომ არ გეგმავთ უცხოენოვანი სტუდენტების მოზიდვასაც?
ეტაპობრივად, განვითარების ამ საფეხურზეც გადავალთ. თუმცა ამ დროისთვის, ჩვენი მთავარი ამოცანაა ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ და საქართველოში მცხოვრებ სტუდენტებს მაქსიმალურად დავეხმაროთ, მიიღონ მაღალი ხარისხის განათლება.
R