რეზო თურნავას სახელობის ფონდი ციფრული განათლებისთვის

რეგიონში პირველი ონლაინ “ნეო უნივერსიტეტის”, “სქილვილის” ინიციატივით, რეზო თურნავას სახელობის ციფრული განათლების ფონდი დაფუძნდა.
რეზო თურნავა (1960 – 2024) პროფესიით ექიმი იყო. იგი მთელი ცხოვრების განმავლობაში ადამიანების დახმარებას და ქველმოქმედებას ეწეოდა, მის სახელს უკავშირდება არაერთი ადამიანისთვის ხელის გამართვა და გზაზე დაყენება, მათ შორის სწავლის დაფინანსება. მისი გარდაცვალების შემდეგაც, ოჯახის გადაწყვეტილებით, გაგრძელდება ის საქმე, რომელსაც ის ისედაც ემსახურებოდა. რეზო თურნავას სახელობის ციფრული განათლების ფონდი, ახალგაზრდების განათლებას სრულად დააფინანსებს. ფონდს ბიზნესის წარმომადგენლები და კერძო პირები შემოუერთდებიან.
ვაკო თურნავა, სქილვილის დამფუძნებელი: „სქილვილის შექმნის იდეა ადამიანებისთვის ციფრულ განათლებაში ჩართვის ხელმისაწვდომობას ემსახურებოდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ყველასთვის მიგვეცა თანაბარი შესაძლებლობა, ესწავლათ მომავლის, ყველაზე პერსპექტიული პროფესიები. ამ იდეის უდიდესი გულშემატკივარი იყო რეზო თურნავა, რომელიც თავის მხრივ, მუდმივად ეხმარებოდა და აძლევდა შანსს ადამიანებს ესწავლათ და შეექმნათ თავიანთი წარმატებული კარიერა. ამიტომ გადავწყვიტეთ, შეგვექმნა მისი სახელობის ფონდი, რომელიც სწავლას დაუფინანსებს ყველა იმ ადამიანს, ვისაც ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს, მაგრამ სწავლის სურვილი აქვს.”
13 მარტს, სასტუმრო პულმანში, ოფიციალურად დაანონსდება ფონდის დაფუძნება, რომელშიც კერძო სექტორის წარმომადგენლები, ბაზრის მსხვილი დამსაქმებელი კომპანიები გაწევრიანდებიან. კომპანიები ხელმოწერით დაადასტურებენ ფონდში გაწევრიანებას და თავიანთ წვლილს ამ საქმეში.
ფონდის საქმიანობა გულისხმობს მოწყვლადი ჯგუფების განათლებისა და კარიერული განვითარების დაფინანსებას, რომელთაც აქვთ სურვილი ისწავლონ პროგრამირება და ციფრული პროფესიები, თუმცა არ აქვთ ამის ფინანსური შესაძლებლობა.
ამ მიზნით, რეზო თურნავას სახელობის ფონდში უკვე გაწევრიანდნენ ისეთი მსხვილი კომპანიები და ბიზნესები, როგორიცაა Lineate, არქი, , Terminal, Phubber, HT Solutions, TNET.
ღონისძიებას დაესწრებიან სქილვილის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებიდან, კერძო და საჯარო სექტორებიდან.
ღონისძიება Women in Cyber-თან პარტნიორობით ტარდება, რომელიც საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერილი პლატფორმაა.
სქილვილი რეგიონში პირველი ნეო უნივერსიტეტია, სადაც სწავლება შესაძლებელია პროგრამირების, კიბერუსაფრთხოების, ციფრული მარკეტინგის და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით.