გიორგი გოდაბრელიძე – ჯანდაცვის სამინისტრო სტრუქტურულად ისე არასწორად არის მოწყობილი, ამ ეტაპზე არანაირი აზრი არ ექნება ვინ იქნება მინისტრი

ჯანდაცვის სამინისტრო სტრუქტურულად ისე არასწორად არის მოწყობილი, ამ ეტაპზე არანაირი აზრი არ ექნება ვინ იქნება მინისტრი, – ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, გიორგი გოდაბრელიძემ განაცხადა.
მისივე შეფასებით, ჯანდაცვის სამინისტროში სტრუქტურული ცვლილებებია გასატარებელი.
„რეალურად, ჯანდაცვის სამინისტრო სტრუქტურულად ისე არასწორად არის მოწყობილი, ამ ეტაპზე არანაირი აზრი არ ექნება ვინ იქნება მინისტრი. ახლა, ჩვენ ვართ პრეზენტაციაზე, რამდენიმე მაღალჩინოსანი გამოვიდა და არც ერთმა, სწორად არ თქვა ჯანდაცვის სამინისტროს სახელი. იმდენი ფუნქცია აქვს, რომ სათაურსაც კი ვერ იმახსოვრებენ. ეს უნდა მოწესრიგდეს. ბევრი სტრუქტურული ცვლილება არის საჭირო, ბევრია შესაცვლელი.
დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნებამდე 6 თვით ადრე ამას არავინ გააკეთებს. ასე რომ რეალურად, მართლა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება მინისტრი.
ვფიქრობ, კომუნიკაციის პრობლემა არ ექნება და შეძლებს, იმიტომ რომ სამედიცინო სფეროსთვის მისი კანდიდატურა უფრო მისაღები იქნება, ვიდრე აზარაშვილის. კიდევ ერთხელ, ხაზს ვუსვამ, რომ ამ შემთხვევაში მთავარია ამ უწყებაში თვითონ სტრუქტურა გამართული იყოს“, – განაცხადა გიორგი გოდაბრელიძემ, რომლის განცხადებასაც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.