თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ს და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ, ასევე დაიკითხებიან მოწმეებიც.
სხდომას კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩაერთვება ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი. 7 ნოემბრის საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს სააკაშვილის ადვოკატი, ბექა ბასილაია.
„მოცემულ საქმეში, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არ არსებობს არც პირდაპირი და არც ირიბი მტკიცებულება და ვერც იარსებებს იმიტომ, რომ 7 ნოემბერს სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ქმედებები, საპოლიციო ღონისძიებები კონკრეტულ საჭიროებებთან იყო დაკავშირებული,კონკრეტული გარემოებებით განპირობებული ქმედებები, რასთანაც პრეზიდენტის სამართლებრივი კავშირი არ არსებობს”, – აცხადებ ბექა ბასილაია.
ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.

ასევე დაგაინტერესებთ