საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ბრალდებულმა მიხეილ სააკაშვილმა, დღეს 20 ნოემბერს კლინიკა “ვივამედიდან” თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო სხდომაზე დისტანციურად, ვიდეოზარის მეშვეობით, ჩართვისას საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიმართა. სააკაშვილი გამოეხმაურა გასულ კვირაში სალომე ზურაბიშვილის მიერ ფრანგული გამოცემა le monde-სთვის მიცემულ ინტერვიუს და განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილმა სწორი აქცენტები დასვა.
სააკაშვილმა სალომე ზურაბიშვილის მიერ მისი შეწყალების საკითხზე გამოთქმული მოსაზრებებიც შეაფასა და განაცხადა, რომ პრეზიდენტს ერთი ხელმოწერით შეუძლია მისი გათავისუფლება.
“მე არ მინდა ზელენსკისგან და მაკრონისგან განსხვავებით, ქალბატონ სალომეს რაღაც მოვთხოვო, მინდა ვუპასუხო რამდენიმე პუნქტს რომელსაც ის ამბობს. ის ამბობს, რომ მე ვარ უკეთესად ფიზიკურად, მე ვარ უკეთესად სულიერად. მე ვარ ძალიან მხნედ იმიტომ, რომ საბოლო ჯამში ვირწმუნე ჩვენ ხალხს აქვს ძალა და ეს ძალა მე მაძლევს მეტ ძალას და მინდა ჩვენი ძალების გაერთიანებით მოხდეს გამარჯვება. ამიტომ, რა თქმა უნდა, სულიერად ვარ უფრო მხნედ. ფიზიკურად, სამწუხაროდ, ექიმები ვერ ადასტურებენ, რომ ვარ უკეთესად. ქალბატონი სალომე იძახის, რომ მე აღარ მაქვს სურვილი უცხოეთში გამგზავრების, საქმე იმაშია, რომ ეს არ არის ჩემს სურვილზე დამოკიდებული. სამწუხაროდ, ჩემს რეაბილიტაციას სჭირდება საქართველოს ფარგლებს გარეთ გარკვეული პერიოდი ყოფნა – ეს ასეა და რა თქმა უნდა, ქალბატონ სალომეს შეუძლია ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს ჩემს შვილებს მამა და რაც მთავარია, აღადგინოს პოლიტიკური ბალანსი საქართველოში. ქალბატონი სალომე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი იქიდან აწარმოებს საარჩევნო კამპანიასო. მე და ქალბატონი სალომე ორივე ვსწავლობდით კოლუმბიის უნივერსიტეტში. არ მგონია, კოლუმბიის უნივერსიტეტში ქალბატონი სალომესთვის ვინმეს ესწავლებინოს საარჩევნო კამპანიის წარმოების ერთ-ერთი ფორმა არსებობს – გალიიდან საარჩევნო კამპანიის წარმოება. ის ამბობს. რომ ეს არის ნორმალური, ისედაც საარჩევნო კამპანიას აწარმოებსო, რა პრობლემააო. ამიტომ მე მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა მას, რომ როცა ის ამბობს კიდევ ორი საქმეა და მე რა ვქნაო? ქალბატონო სალომე, თქვენ გაქვთ საშუალება თქვენ პასუხისმგებლობა მოიხსნათ ამაზე. დანარჩენები, ორ საქმესაც აღძრავენ და ოცდაათსაც, მაგრამ ეს უკვე იყოს რუსი ოლიგარქისა და რუსეთში მისი პატრონების პასუხისმგებლობა, თქვენ რატომ იღებთ თქვენს თავზე ამ პასუხისმგებლობას, მითუმეტეს, რომ გამბედაობა არ გაკლიათ და შეგიძლიათ ძალიან აქტიური მოქმედების განხორციელებაც თუ მოინდომებთ და გაქვთ ამის საერთაშორისო მხარდაჭერაც ძალიან დიდი”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი სიტყვებით, საქართველოს ხელისუფლებას, ერთი სული აქვს “როცა თქვენ აღარ იქნებით პრეზიდენტი”. მისი თქმით, პრეზიდენტობისთვის ხელისუფლება კულტურის მოქმედ მინისტრს თეა წულუკიანს ამზადებს. “წულუკიანი სჭირდებათ იმისთვის, რომ არასოდეს არავინ დაპატიმრებული არ გამოუშვას, ჩემი ჩათვლით. რა თქმა უნდა, თქვენც გემუქრებიან პატიმრობით, როცა გასჭირდებათ”.
სააკაშვილის თქმითვე თბილისის მოქმედ მერს კახა კალაძეს ხელისუფლება პრემიერ-მინისტრის პოსტისთვის ამზადებს “რადგან სჭირდებათ შიგნით გადაჯგუფება” მაგრამ “კალაძეც ყურებით ჰყავთ რუსებს დაჭერილი, განსაკუთრებით გაზპრომის კონტრაქტით და მთელი იმ კორუფციით რომელმაც წალეკა თბილის მერია, მანამდე ენერგეტიკის სამინისტრო და მთლიანად საქართველო”.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ბრალდების საქმე განიხილებოდა.
ამ საქმის გარდა, სასამართლო განიხილავს “საზღვრის უკანონო კვეთისა” და ე.წ. 7 ნოემბრის საქმეს. „7 ნოემბრის საქმე“ არის პირველი სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც მიხეილ სააკაშვილს 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ წაუყენეს ბრალი. ამ საქმეზე პროკურატურამ მას ბრალი 2014 წლის 28 ივლისს წარუდგინა, 2014 წლის 2 აგვისტოს კი მას დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა.
სააკაშვილს პატიმრობა აქვს მისჯილი დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო
მიხეილ სააკაშვილი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, 2022 წლის 12 მაისს რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირაში ფრანგულ გამოცემა le monde-სთან ინტერვიუში უპასუხა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შესახებ დასმულ შეკითხვას და ყურადღება გაამახვილა სააკაშვილის პოლიტიკურ მიზნებზე.
“შემიძლია დაგამშვიდოთ, ის ამბობს, რომ უკეთაა, მან გახსნა არჩევნებისთვის პოლიტიკური ოფისი. ის კლინიკაშია მოთავსებული. მას ორი სასამართლო პროცესი აქვს წინ. უცხოეთში წასვლის ნაცვლად, ის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიღების განზრახვას ავლენს. მეტი კომენტარი არ მაქვს”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით ნათქვამი აქვს, რომ “არა და არასდროს” შეიწყალებს მას. მოგვიანებით პრეზიდენტმა ეს პასუხი განმარტა და თქვა, რომ არ სურს ქვეყანაში დეპოლარიზაციის გაღრმავებას შეუწყოს ხელი. მასვე ეკუთვნის მიხეილ სააკაშვილისთვის “ელექტრონული სამაჯურის” გაკეთების ინიციატივა.
მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები, ადვოკატები და მისი მხარდამჭერები, ასევე სამედიცინო დარგის სპეციალისტები, მათ შორის უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად მიხეილ სააკაშვილი უნდა იქნას გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.
ადვოკატებმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან მისი სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნით თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებს მიმართეს – მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ამის შემდეგ სააკაშვილის უფლებადამცველებმა მიმართეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს და მოითხოვეს დაუყოვნებელ ზომად გამოყენებულიყო მისი საზღვარგარეთ გადაყვანა. სასამართლო საქმის განხილვას განაგრძობს, თუმცა ეს ნაწილი არ დააკმაყოფილა.