„ქრაუნ პლაზა ბორჯომმა“ მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოებაზე უკვე მეორედ, საუკეთესო კურორტის წოდება მიიღო

5-ვარსკვლავიანმა სასტუმრომ „ქრაუნ პლაზა ბორჯომი“, რომელიც 8 წელია ბორჯომში ოპერირებს, მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოებაზე, საუკეთესო კურორტის წოდება მეორედ მოიპოვა. ამის შესახებ BM.GE-სთან სასტუმროს აღმასრულებელმა დირექტორმა ირმა კალანდაძემ განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ ტურიზმის ოსკარად ცნობილმა, მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოება World Travel Awards, ჯერ კიდევ გასულ წელს, ბათუმში ჩატარდა, ხოლო წელს 31-ე ცერემონიის მასპინძელი თავად გერმანია, ბერლინი იყო. ღონისძიებაზე წარდგენილი იყო ტურიზმის ინდუსტრიის უამრავი ნომინანტი სადაც გამარჯვებული სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები და ღონისძიებების ორგანიზატორი კომპანიები მსოფლიოს მასშტაბით გამოვლინდა.
„აღნიშნული ჯილდოს მოპოვება „ქრაუნ პლაზა ბორჯომისთვის“, უდიდესი სიამაყის მომგვრელია, ვინაიდან, პირველ რიგში, ეს არის მთელი გუნდის თავდაუზოგავი და მუხლჩაუხრელი შრომის შედეგი. ჩვენ ამაყნი ვართ ჩვენი გუნდის თითოეული წევრით და პირველ რიგში, მადლობას ვუხდით მათ, ერთგულებისა და ლოიალობისთვის. ასევე იმისთვის, რომ უკვე ამდენი წელია “ქრაუნ პლაზა ბორჯომი” სტუმრებისთვის გამორჩეულად საყვარელი დასასვენებელი ადგილის და კურორტის სტატუსს ურყევად ინარჩუნებს. გასულ წელს, მიღებული ჯილდო იყო ერთგვარი სიმბოლური და ოფიციალური აღიარება ჩვენი სტუმრების მრავალწლიანი სიყვარულის და პატივისცემის, რაც წელს, უკვე მეორედ, ისევ განმტკიცდა. ამან კი როგორც კომპანიაზე, ასევე გუნდის წევრებზე ძალიან პოზიტიურად იმოქმედა“, – აცხადებს ირმა კალანდაძე.
სასტუმრო „ქრაუნ პლაზა ბორჯომი“ საერთაშორისო ქსელის – Intercontinental Hotel Group-ის წევრია. სასტუმროს 101 დახვეწილი დიზაინის ნომერი გააჩნია, მათ შორის მაღალი და საპრეზიდენტო კატეგორიის. ამასთან, სპა და ბალნეოლოგიური მიმართულება, სადაც უახლოესი და საერთაშორისო მეთოდებით სხვადასხვა სახის პროცედურების ჩატარება ხორციელდება, რამაც როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო დამსვენებლების მხრიდან დიდი მოთხოვნა განაპირობა.
გარდა ამისა, სასტუმრო საქმიანი ტურიზმით აქტიურადაა დაკავებული და საერთაშორისო დელეგაციებსა და კონფერენციებს მასპინძლობს.
„წელს გვინდა, რომ ღონისძიებების მიმართულებით კიდევ უფრო განვვითარდეთ და მომხმარებელს მეტად მრავალფეროვანი აქტივობები შევთავაზოთ. რა თქმა უნდა ვცდილობთ, რომ პანდემიამდელ ნიშნულს დავუბრუნდეთ, თუმცა გამოწვევა ბევრია, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებთან კოლაბორაციით უნდა მოგვარდეს. გვჯერა, რომ 2024 წელს უკეთესი შედეგებით დავხურავთ და საინტერესო წელი გვექნება,“- განაცხადა აღმასრულებელმა დირექტორმა.
ირმა კალანდაძის ინფორმაციით, სასტუმროს ძირითადად სტუმრები ყაზახეთიდან, გაერთიანებული საამიროებიდან, ჩინეთიდან, ტაილანდიდან და კორეიდან ჰყავს, თუმცა ასევე, არასეზონურ პერიოდში, ადგილობრივებსაც მასპინძლობს. გარდა ამისა, გააქტიურებულები არიან ევროპული ჯგუფები, კერძოდ გერმანია, პოლონეთი, სკანდინავიის ქვეყნები და სერიული ჯგუფები ამერიკის გაერთიანებული შტატებიდან.
სასტუმრო „ქრაუნ პლაზა ბორჯომი“ 180-მდე ადამიანს ასაქმებს, რომლის 90% ადგილობრივი მცხოვრებია.

ასევე დაგაინტერესებთ