შესაძლოა, ვარკეთილის მეტროსადგურის რეაბილიტაციის ვადა კიდევ გახანგრძლივდეს. თბილისის მერიის ცნობით, საჭირო გახდა დამატებითი კვლევების ჩატარება და პროექტის განახლება. მათი ინფორმაციითვე, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ჭერის მასალებისა და სამაგრი დეტალების საინჟინრო დამუშავება, რის შემდეგაც, განახლდება ჭერის მოპირკეთების სამუშაოები.
“თავდაპირველად, მეტროსადგურ ვარკეთილის სრული რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებდა შპს მამისონი, რომელთანაც ხელშეკრულება გაუქმდა პირობების შეუსრულებლობის გამო.
2022 წლის 21 დეკემბერს თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვების კანონის მე-10 პრიმა მუხლის, მე-3 პუნქტის, “დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით შესყიდვას, გამარტივებული შესყიდვით გააფორმა ხელშეკრულება შპს ბადა ქონსთრაქშენთან, რომელიც იყო ერთადერთი დაინტერესებული კომპანია. ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 18 თვე, ხოლო ბიუჯეტი არის 13.8 მლნ ლარი.
ხელშეკრულების პირობების თანახმად დაიგეგმა შესაბამისი სარემონტო და სადემონტაჟო სამუშაოები, რომელიც სრულდებოდა გეგმა-გრაფიკის მიხედვით. ვარკეთილში არსებული ჭერის დემონტაჟის შემდეგ, ჩატარდა რკინა-ბეტონის თაღის დეტალური სკანირება და კვლევა. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, განხორციელდა ჭერის შეცვლილი გეომეტრიისა და დამაგრების კვანძების პროექტის განახლება. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ჭერის მასალებისა და სამაგრი დეტალების საინჟინრო დამუშავება, რის შემდეგაც, მოხდება მათი შეკვეთა/მოწოდება და განახლდება ჭერის მოპირკეთების სამუშაოები. ამის პარალელურად, სარემონტო სამუშოები მიმდინარეობს ბაქანის ქვედა ნაწილში.
ვინაიდან საჭირო გახდა დამატებითი კვლევების ჩატარება და პროექტის განახლება, მეტროსადგურის რეაბილიტაციის დასრულების ვადამ შესაძლოა გადაიწიოს გარკვეული ვადით“, – ნათქვამია მერიის მიერ ინტერპრესნიუსისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში.
თბილისის მერი კახა კალაძე პირველ თებერვალს ამბობდა, რომ მეტროსადგურ ვარკეთილის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლოს დასრულდებოდა.
“სავარაუდოდ, არავის უნდოდა პასუხისმგებლობის აღება ამხელა მნიშვნელობის პროექტის განხორციელებაზე, თუმცა, მოიძებნა კომპანია, რომელიც ამჟამად ასრულებს სამუშაოებს და რეაბილიტაცია ზაფხულის ბოლოსთვის დასრულდება“, – განაცხადა მაშინ კახა კალაძემ.
ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო. განახლებული სადგური 2017 წლის სექტემბერში გაიხსნა. რამდენიმე თვეში, 2018 წლის 30 იანვარს ვარკეთილის მეტროს ბაქანზე ე.წ შეკიდული ჭერი ჩამოიშალა. ნანგრევების ქვეშ მოყვნენ ადამიანები, რომლებიც მატარებელს ელოდებოდნენ. შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. მერიამ ვარკეთილის რეკონსტრუქცია-რემონტისთვის ტენდერი 2022 წელს გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულ კომპანია მამისონთან მერიამ ხელშეკრულება გაფორმებიდან 6 თვეში გაწყვიტა.
“მეორე ხელშეკრულება მერიამ უკვე უტენდეროდ, გამარტივებული წესით გაუფორმა შპს ბადა ქონსთრაქშენს. ხელშეკრულების ღირებულება დაახლოებით 13.4 მილიონი ლარია, ხოლო კომპანიის დამფუძნებელი ქართული ოცნების დამფინანსებელია”. – ვკითხულობთ ფლანგვის დეტექტორის განცხადებაში.
GMC-ის ინფორმაციით, 2022 წლამდე ბადა ქონსთრაქშენს სახელმწიფო ორგანოსთან მაქსიმუმ 2 245-ლარიანი ხელშეკრულება ჰქონია გაფორმებული.
ვარკეთილის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები ქართული ოცნების შემომწირველმა კომპანია ბადა ქონსტრაქშენმა 2023 წლის 9 თებერვალს დაიწყო.