საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული მონაცემებით, 2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოს რკინიგზით 3.6 მილიონი ტონა ტვირთი გადაიტანეს, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 11.8 პროცენტით ნაკლებია.
საქსტატის განცხადებით, აღნიშნული მოცულობის 13.3 პროცენტი მოდის ადგილობრივ გადაზიდვაზე, 30.0 პროცენტი – საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 56.7 პროცენტი – ტრანზიტზე.
2023 წლის მესამე კვარტალში საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმსი რკინიგზით გადატანილი ტვირთის მოცულობის 24.6 პროცენტი ქვეყნიდან გატანილ ტვირთზე მოდის, ხოლო 75.4 პროცენტი — ქვეყანაში შემოტანლზე.
საქსტატის მონაცემებით, III კვარტალში რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 40.9 პროცენტისათვის გამომგზავნ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენს, 29.5 პროცენტისათვის — აზერბაიჯანი, 2.9 პროცენტისათვის — რუმინეთი, 2.6 პროცენტისათვის — თურქმენეთი, 2.0 პროცენტისათვის — ბელარუსი, 1.7 პროცენტისათვის — თურქეთი, 1.6 პროცენტისათვის — ჩინეთი, 0.1 პროცენტისათვის — ყაზახეთი.
2023 წლის III კვარტალში რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 11.1 პროცენტისათვის დანიშნულების ქვეყანას ყაზახეთი წარმოადგენს, 8.7 პროცენტისათვის — რუსეთის ფედერაცია, 8.3 პროცენტისათვის — სომხეთი, ხოლო 4.4 პროცენტისათვის — აზერბაიჯანი. 2023 წლის III კვარტალში ტრანზიტით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 10.7 პროცენტისათვის დანიშნულების ქვეყანას თურქეთი წარმოადგენს, 6.5 პროცენტისათვის — ნიდერლანდები, 6.0 პროცენტისათვის — იტალია, 5.1 პროცენტისათვის — ჩინეთი.
ამავე პერიოდში, ტრანზიტით გადატანილი ტვირთის 7.5 პროცენტისათვის გამომგზავნ ქვეყანას ბრაზილია წარმოადგენს, 3.8 პროცენტისათვის — ჩინეთი, 1.8 პროცენტისათვის — თურქეთი, ხოლო 1.6 პროცენტისათვის — ამერიკის შეერთებული შტატები.
საანგარიშო პერიოდში, რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 30.2 პროცენტი ლითონის მადანსა და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეულზე მოდის, 27.3 პროცენტი — ქვანახშირის, ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების და ბუნებრივი აირის სასაქონლო ჯგუფზე, ხოლო 13.6 პროცენტი — საკვები პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე.
საქსტატის მიხედვით, სასაქონლო ჯგუფების მიხედვით განსხვავებულია განაწილება ადგილობრივი გადაზიდვების შემთხვევაში, სადაც 68.9 პროცენტი ლითონის მადანსა და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეულზე მოდის, 12.1 პროცენტი – სხვა არამეტალურ მინერალურ პროდუქტებზე, ხოლო 8.9 პროცენტი – ქვანახშირის, ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების და ბუნებრივი აირის სასაქონლო ჯგუფზე.
რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს, საქსტატის მონაცემებით, რკინიგზის საშუალებით ძირითადად შემოტანილია ქვანახშირი, ნედლი ნავთობი და ნავთობროდუქტები და ბუნებრივი აირი (41.4 პროცენტი), სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები (25.7 პროცენტი) და ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (10.1 პროცენტი), ხოლო გატანილია ლითონის მადანი და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეული (53.2 პროცენტი), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (25.1 პროცენტი), სხვადასხვა დასახელების ლითონის ნაწარმი (7.9 პროცენტი) და ქვანახშირი და ლიგნიტი; ნედლი ნავთობი და ბუნებრივი აირი (3.6 პროცენტი).
2023 წლის III კვარტალში ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 73.8 პროცენტი სამ სასაქონლო ჯგუფზე მოდის. კერძოდ, ქვანახშირი, ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები და ბუნებრივი აირი (29.2 პროცენტი), ლითონის მადანი და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეული (26.2 პროცენტი) და საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (18.5 პროცენტი).