მიზანია, საქართველო მოვიცვათ – „უმალის“ დირექტორი

თევზისა და ზღვის პროდუქტების გადამმუშავებელი კომპანია “უმალის“ აღმასრულებელი დირექტორი, დიტო წვერავა ამბობს, რომ სამომავლო გეგმებში საქართველოს ყველა რეგიონის მოცვაა, რისთვისაც ქსელებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
როგორც “უმალის“ დირექტორი BM.GE-სთან აცხადებს, უკვე ერთი წელია, წარმოება განახლდა და კომპანია ქსელებში თავიდან შევიდა. მისივე თქმით, ამ პერიოდში პროდუქციაზე ფასები არ გაზრდილა, საწარმოში დასაქმებულების რაოდენობა კი 80-დან 105-მდე გაიზარდა.
„თითქმის ყველაფრის დაწყება თავიდან მოგვიხდა. 2023 წლის იანვრიდან, ეტაპობრივად აღვიდგინეთ ძალები. გასული წლისთვის დასახული მიზნები 90%-მდე შესრულდა. ყველა ქსელში თავიდან შევედით, აღვადგინეთ ყველა სახეობის წარმოება. წლიურად ნავაჭრი დაახლოებით 8 მილიონ ლარამდე იყო. ტენდენცია მზარდია, მოთხოვნა არის, ჩვენი მიზანია საქართველო მოვიცვათ. ამ ეტაპზე ძირითადად თბილისში ვართ და 30-40%-ით ვართ დანარჩენ საქართველოში, ყველა ქსელთან გვაქვს მოლაპარაკება, რომ რეგიონებიც მოვიცვათ.
საფასო პოლიტიკა იგივე გვაქვს, გარკვეული პროდუქტები გაიაფდა კიდეც, დაახლოებით 5%-ით. დასაქმებულების რაოდენობა 105 ადამიანამდე გაიზარდა, მათი უმრავლესობა ადგილობრივია“,- ამბობს დიტო წვერავა.
„უმალის“ პროდუქცია ამჟამად მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. კომპანიაში განმარტავენ, რომ ექსპორტს ევროპული ბაზრის შესაბამისი სერტიფიკატების არარსებობა აფერხებს.