„ფუნიკულიორის“ სარესტორნო ჯგუფის შემოსავალი 9 მლნ ლარით აჭარბებს „სტრადას“ და „ოროს“ მაჩვენებლებს

სარესტორნო ბიზნესის ფინანსურ მაჩვენებლებს 3 კომპანიის მაგალითზე, შპს „ჯიემთი მთაწმინდა“ (ფუნიკულიორი, პური გულიანი, პური გულიანი ექსპრესი, რიგი გასტროდუქანი), შპს „აგავა“ (სტრადა, ორო) და შპს „ქეთო და კოტე“, Finspot-მა მიმოიხილა.
წარმოდგენილი კომპანიებიდან „ჯიემთი მთაწმინდა“ და „აგავა“ სარესტორნო ჯგუფს წარმოადგენენ, რომლებიც რამდენიმე რესტორანს აერთიანებენ. „ქეთო და კოტე“ კი ერთ ლოკაციაზე არსებული რესტორანია.
„ჯიემთი მთაწმინდა“ ოპერირებს 4 რესტორნით: 1. Funicular • ფუნიკულიორი-ი მდებარეობს კომპანიის კუთვნილ ისტორიულ შენობაში. ფუნიკულიორის კომპლექსი მოიცავს კვების ოთხ განსხვავებულ ობიექტს: რესტორან „ფუნიკულიორს“, წვეულებათა დარბაზს, ტრადიციულ „ქართულ ბისტროს“ და პურ-ფუნთუშეულის კაფე „ფუნიკულიორს“. 2. 2019 წელს კომპანიამ ახალი რესტორანი, პური გულიანი • Puri Guliani გახსნა. 3. 2020 წელს კომპანიამ თავის სარესტორნო პორტფელს შემატა ქართული რესტორანი რიგი გასტროდუქანი • Rigi Gastrodouqan-ი. 4. 2021 წელს კი კომპანიამ „პური გულიანის“ ექსპრეს ვერსია გახსნა, რითაც კომპანია fast casual ტიპის სარესტორნო სეგმენტზეც გავიდა.
„აგავა“ 5 რესტორანს აერთიანებს: სამი „სტრადა“-ს ფილიალი, რომელიც ამერიკულ და აზიურ სამზარეულოზე ფოკუსირდება და ორი „ორო“-ს ფილიალი, რომელიც ქართულ რესტორანს წარმოადგენს. ვინაიდან „ოროს“ მეორე ფილიალი 2023 წელს გაიხსნა, „აგავას“ წარმოდგენილი ფინანსები ჯამურად მხოლოდ 4 რესტორანს მოიცავს.
„კომპანიების მომგებიანობის მაჩვენებლები დაბალია. მაგალითად, საოპერაციო მოგების მარჟები მხოლოდ 2.5%-5%-ის ფარგლებშია. პანდემიურ და პოსტ-პანდემიურ პერიოდში არსებული მაღალინფლაციური გარემო და მწვავე კადრების დეფიციტი კი დამატებით წნეხს ქმნიდა ხარჯებზე და მომგებიანობის გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად აფერხებდა.
წარმოდგენილი კომპანიებისგან განსხვავებით, „ჯიემთი მთაწმინდა“ ისტორიულად ზარალზე ოპერირებს მაღალი საოპერაციო ხარჯებისა და ზედმეტად მაღალი ლევერიჯის გამო. 2022 წელს „ჯიემთი მთაწმინდას“ დადებითი წმინდა მოგება გამოწვეულია ₾11 მილიონზე მეტი საკურსო სხვაობით მიღებული მოგებით. სავარაუდოდ, ლარის გამყარებამ გამოიწვია უცხოურ ვალუტაში აღებულ სესხზე მოცულობითი დადებითი საკურსო ეფექტი.
„ჯიემთი მთაწმინდას“ შემოსავლებმა თითქმის ₾20 მილიონი შეადგინა 2022 წელს, რაც 62%-ით აღემატება 2019 წლის შემოსავლებს. „აგავას“ შემოსავლებმა ₾11 მილიონს მიაღწია, რაც ასევე 62%-ით აღემატება 2019 წლის მონაცემებს. „ქეთო და კოტეს“ შემოსავლებმა კი ₾3.7 მილიონი შეადგინა, 9%-ით მეტი ვიდრე 2019 წელს.
კომპანიების შემოსავლების ზრდა ძირითადად გამოწვეულია ახალი ობიექტების დამატებით. „ჯიემთი მთაწმინდას“ შემთხვევაში ეს იყო 2019 წლის მაისში „პური გულიანის“, 2020 წელს „რიგი გასტროდუქანის“, 2021-ში კი პური „გულიანი ექსპრესის“ გახსნა. კომპანიის ზრდა კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა, რომ არა 2019 წლიდან „ფუნიკულიორი“-ის შემოსავლების მნიშვნელოვანი კლება (2019: ₾11 მილიონი; 2022: ₾8.5 მილიონი).
„აგავას“ შემოსავლების ზრდაში პოზიტიური წვლილი ითამაშა „ორო“-ს დამატებამ. ვინაიდან „ქეთო და კოტეს“ ახალი ფილიალი არ დაუმატებია, კომპანიის შემოსავლების ზრდის ტემპი გაცილებით დაბალი იყო“, – ნათქვამია მიმოხილვაში.
აღსანიშნავია, რომ კომპანიების საერთო მოგების მარჟები (gross profit margins) შემცირდა პრე-პანდემიურ პერიოდთან შედარებით. მაგალითად, 2019-22 წლებში „ჯიემთი მთაწმინდას“ და „აგავას“ საერთო მარჟები შემცირდა 12% და 7%-ით შესაბამისად. 2019-22 წლებში საერთო მოგების მარჟების შემცირების ტენდენცია სავარაუდოდ გამოიწვია მაღალი ინფლაციის ფონზე გაზრდილმა თვითღირებულის ხარჯებმა.
კომპანიების საოპერაციო ხარჯების წილი შემოსავლებში 55%-70%-ის ფარგლებშია. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი „ჯიემთი მთაწმინდას“ აქვს, რაც ძირითადად განპირობებულია კონკურენტებთან შედარებით მაღალი საოფისე, მარკეტინგული და საკონსულტაციო ხარჯებით.
წარმოდგენილი კომპანიებიდან დადებითი მომგებიანობის მაჩვენებლები აქვთ „აგავას“ და „ქეთო და კოტეს“. თუმცა, ეს მაჩვენებლები დაბალია. მაგალითად, კომპანიების საოპერაციო მოგების მარჟები მხოლოდ 2.5%-5%-ის ფარგლებშია, EBITDA მარჟები კი 5.5%-8%-ის ფარგლებში. წარმოდგენილ კომპანიებს შორის, საუკეთესო მომგებიანობის მაჩვენებლები „აგავას“ აქვს, რაც ძირითადად კომპანიის მიერ საოპერაციო ხარჯების უკეთ მართვითაა გამოწვეული.
„ანალიზიდან ცალსახა ხდება, რომ რესტორნისთვის ხელშესახები ზრდის მიღწევა მხოლოდ ერთი ობიექტით საკმაოდ რთულია და ახალი ლოკაციების დამატება ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორია. „ჯიემთი მთაწმინდას“ და „აგავას“ შემოსავლები 60%-ზე მეტით გაიზარდა 2019-22 წლებში, რაც ძირითადად ახალი ობიექტების დამატებითაა გამოწვეული. „ქეთო და კოტეს“ შემოსავლები კი იმავე პერიოდში ერთი რესტორნით მხოლოდ 9%-ით გაიზარდა“, – ნათქვამია მიმოხილვაში.
შპს „ჯიემთი მთაწმინდას“ (Funicular • ფუნიკულიორი | პური გულიანი • Puri Guliani | პური გულიანი ექსპრესი • Puri Guliani Express | რიგი გასტროდუქანი • Rigi Gastrodouqan) საბოლოო მშობელი კომპანია (მთაწმინდა პლატო ჰოლდინგის გავლით) Albecq Trust Company-ია, დაფუძნებული გერნზიში, ნორმანდიის კუნძულებზე.
შპს „აგავას“ (Strada • სტრადა | Oro • ორო) მფლობელებია: გიორგი ლომაია – 65%, ივან მხეიძე (საქართველო | ) – 25%; თემური ბერიძე (საქართველო | რუსეთი) – 10%.
შპს „ქეთო და კოტეს“ მფლობელია მაია მანჯგალაძე (100%).

ასევე დაგაინტერესებთ