“კრიპტოში ქალების ადგილი არაა” – სტერეოტიპის წინააღმდეგ! – ხვიჩა კოპინაძე

“კრიპტო ინვესტიციებში საკმაოდ დიდი გენდერული პრობლემაა” – ეს სათაური ჰქონდა CNBC-ის 2021 წელს გამოქვეყნებულ სტატიას, რომელიც ზემოთ ხსენებულ პრობლემას მიმოიხილავდა. კრიპტო ინდუსტრია მართლაც ხშირად აღიქმება – როგორც მამაკაცების მიერ დომინირებული სფერო, სადაც ქალებს იშვიათად ვხვდებით. ეს ყველაფერი კი განპირობებულია ინდუსტრიის ადრეული ქცევებითაც – როგორებიც იყო თუნდაც ჩრდილოეთ ამერიკის ბიტკოინ კონფერენცია 2018 წელს, რომლის Afterparty-ც 5000 მონაწილისთვის მაიამის სტრიპ კლუბში გაიმართა (კაცებისთვის განკუთვნილი ღონისძიება). ბუნებრივია, ორგანიზატორებმა მოგვიანებით საკმაოდ ინანეს ეს გადაწყვეტილება. არაერთ კრიპტო კონფერენციას დავსწრებივარ მსოფლიოს გარშემო და ჩემი პირადი გამოცდილებითაც შემიძლია დავადასტურო, რომ ამ სფეროში კაცები დომინირებენ. თუმცა, ამ ნარატივის მიღმა სხვა ჭეშმარიტება იმალება. ამ სტატიაში, ვეცდები ერთგვარად დავანგრიო კრიპტო ინდუსტრიაში გენდერული უთანასწორობის მითი – დაგანახოთ რეალური სურათი, მიმოვიხილო ინდუსტრიის პროგრესი და სხვადასხვა მცდელობა გენდერული მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის გაზრდისათვის.
არსებული რეალობა:
კრიპტო ინდუსტრიაც “მამაკაცებით დომინირებადი” ინდუსტრიებიდან – ფინანსებისა და ტექნოლოგიების სფეროებიდან წარმოიშვა და შედეგად, მათ მსგავსად აღიქმება. თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს შეხედულება თანდათან ქრება. დღეს ისე, როგორც არასდროს, ქალები ქმნიან და აყალიბებენ კრიპტო ინდუსტრიას სხვადასხვა მრავალფეროვანი პოზიციებიდან თუ როლებიდან.
განსხვავებით ტრადიციული ფინანსური სისტემებისგან, რომლებსაც გეოგრაფიული ლიმიტები და საზღვრები აქვთ დაწესებული, კრიპტოვალუტა გლობალურად ხელმისაწვდომია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალებისთვის, რომლებიც ისეთ რეგიონებში ცხოვრობენ, სადაც საბანკო სერვისები ნაკლებად განვითარებულია, მაგალითად აფრიკა – სადაც მდედრობითი სქესის წარმომადგენლების ყველაზე დიდ პროცენტს არ მიუწვდება ხელი ფინანსური სისტემებზე. ბიტკოინი მათ შესაძლებლობას აძლევს, იყვნენ ფინანსური და ეკონომიკური სამყაროს ნაწილი – განურჩევლად სქესისა და წარმომავლობისა და პოტენციურად, უხსნის კარებს ჰქონდეთ დანაზოგები, მიიღონ ფულადი გზავნილები თუ შეძლონ სამეწარმეო საქმიანობის წამოწყებაც კი.
მიმდინარე ტენდენციების შეფასება ციფრებით:
TheSteerCrypto.com სტატიის მიხედვით “მდედრობითი სქესი კრიპტო ანტრეპრენიორები 5%-ზე ნაკლებია”. ასევე, Binance-ის 2021 წლის კრიპტო მომხმარებლების ინდექსიც გვიჩვენებს, რომ გლობალურად ქალები კრიპტო მომხმარებლების 5%-ს არ აღემატებიან.
მართალია, ზემოთ ხსენებული მონაცემებიც საკმაოდ დიდი გენდერული დისბალანსის მანიშნებელია, მაგრამ აუცილებელია გავითვალისწინოთ რამდენიმე ტენდენცია, რომელიც საკმაოდ პოზიტიური ტრაექტორიითაა მიმართული ამ გამოწვევის დასაბალანსებლად.

ასევე დაგაინტერესებთ