უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი შეიარაღებული ძალების ყოფილ მთავარსარდალს, ვალერი ზალუჟნის გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ნიშნავს.
“2024 წლის 7 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა დაამტკიცა ვალერი ზალუჟნის კანდიდატურა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე”. – წერია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ზელენსკის თქმით, ზალუჟნი მასთან საუბრისას საკუთარი თავისთვის დიპლომატიურ მიმართულებას განიხილავდა.
“დღეს დავამტკიცე დიდ ბრიტანეთში ჩვენი სახელმწიფოს ელჩის კანდიდატურა. გენერალი ვალერი ზალუჟნი საკუთარი თავისთვის ზუსტად ასეთ მიმართულებაზე მეუბნებოდა – დიპლომატიურზე. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შესაბამისი აგრემანი გამოითხოვა. ბრიტანეთთან ჩვენი მოკავშირეობა მხოლოდ უნდა გამყარდეს”. – თქვა ზელენსკიმ.
ზალუჟნი თანამდებობაზე გაერთიანებული სამეფოს მხრიდან თანხმობის, ანუ აგრემანის, მიღების შემდეგ დაინიშნება.
ბრიტანეთში უკრაინის ელჩი აქამდე საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი მინისტრი, ვადიმ პრისტაიკო იყო, რომელიც ზელენსკიმ 2020 წლის 20 ივლისს დანიშნა. პრისტაიკო 2023 წლის ივლისში გაათავისუფლეს, რაც ბრიტანეთის იმდროინდელი თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლესის კომენტარს მოჰყვა.
უოლესმა კომენტარი უკრაინის მხრიდან მოკავშირეებისადმი უფრო დიდი მადლიერების საჭიროებაზე გააკეთა.
მანამდე, 8 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი გაათავისუფლა და მის თანამდებობაზე უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური, გენერალი ოლექსანდრ სირსკი დანიშნა.