ვინ არიან ჰუსიტები, რომლებიც წითელ ზღვაში გემებს უტევენ

რამდენიმე თვეა, წითელ ზღვაში გემებს აქტიურად უტევენ ჰუსიტები (ჰუთები) — ამ გზით ისინი პალესტინელებს უცხადებენ სოლიდარობას ღაზაში მიმდინარე ომში .
ღაზის სექტორში მიმდინარე ომის საპასუხოდ ჰუსიტებმა დაიწყეს დრონების და რაკეტების გაშვება ს მიმართულებით. მათი უმეტესობა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოყარა.
გემებზე თავდასხმები 2023 წლის ნოემბრიდან დაიწყო და მიმდინარე კვირას პირველად მოჰყვა მსხვერპლი — ჰუსიტების სარაკეტო იერიშს საბერძნეთის საკუთრებაში არსებულ, ბარბადოსის დროშის ქვეშ მცურავ სავაჭრო გემ True Confidence-ზე სამი მეზღვაური შეეწირა, 4-მა მძიმე დამწვრობა მიიღო.
გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ იემენში, ჰუსიტების ბაზებზე.
რა შედეგები აქვს ჰუსიტების თავდასხმებს?
Reuters-ის ცნობით, ჰუსიტების თავდასხმებმა შეაფერხა გლობალური გადაზიდვები, აიძულა ფირმები, შეეცვალათ მარშრუტი უფრო გრძელი და ძვირადღირებული მოგზაურობისკენ სამხრეთ აფრიკაში. წითელ ზღვაში შვიდდღიანი მოგზაურობის დაზღვევის ღირებულება ასობით ათასი დოლარით გაიზარდა.
მიუხედავად სამხედრო დაჯგუფების განცხადებისა, რომ თავს დაესხმება გემებს, რომლებიც დაკავშირებულია გაერთიანებულ სამეფოსთან, შეერთებულ შტატებთან და ისრაელთან, გემების ინდუსტრიის წყაროები ამბობენ, რომ ყველა გემი შეიძლება იყოს რისკის ქვეშ.
ამას ადასტურებს ბოლო თავდასხმაც. True Confidence ეკუთვნის ლიბერიაში რეგისტრირებულ კომპანია True Confidence Shipping-ს და გემს მართავს საბერძნეთში დაფუძნებული Third January Maritime. ორივე კომპანიის ერთობლივი განცხადებით, გემს შეერთებულ შტატებთან კავშირი არ აქვს. თუმცა, Associated Press-ის თანახმად, გემი წარსულში ეკუთვნოდა -ში დაფუძნებულ Oaktree Capital Management-ს.
ვინ არიან ჰუსიტები?
ჰუსიტები იემენის უმცირესობაში მყოფი შიიტი მუსლიმების, ზაიდების შეიარაღებულ პოლიტიკურ და რელიგიურ დაჯგუფებას წარმოადგენენ.
ჰუსიტების ან „ანსარ-ალაჰის“ („ღვთის პარტიზანები“) სახელით ცნობილი ჯგუფი გაჩნდა 1990-იან წლებში. ჰუსიტების დაჯგუფებას სახელი ეწოდა მოძრაობის გარდაცვლილი დამფუძნებლის, ჰუსეინ ალ-ჰუთის მიხედვით. ამჟამინდელი ლიდერი მისი ძმა აბდულ მალიქ ალ-ჰუთია.
2000-იანი წლების დასაწყისში ჰუსიტები მონაწილეობდნენ იემენის ავტორიტარი პრეზიდენტის ალი აბდულა სალეჰის წინააღმდეგ აჯანყებების სერიაში, რათა მიეღოთ ფართო ავტონომია ჩრდილოეთ იემენში.
მათ დაიკავეს სანა და დაამყარეს კონტროლი იემენის დიდ ნაწილზე ჩრდილო-დასავლეთით, საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა კი ადენში გადავიდა.
ჰუსიტები, „ჰამასთან” და „ჰეზბოლასთან” ერთად, თავს მიიჩნევენ ირანისგან მართული „წინააღმდეგობის ღერძის” ნაწილად, რომელმაც წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს ისრაელს, აშშ-სა და მთლიანად დასავლეთს.

ასევე დაგაინტერესებთ