რეფერენტულ ფასს დაქვემდებარებული მედიკამენტების რაოდენობამ 7 ათასს გადააჭარბა

რეფერენტულ ფასს დაქვემდებარებული მედიკამენტების სია კიდევ ერთხელ გაფართოვდა და უკვე 7 ათას დასახელებას გადააჭარბა. ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე წამლების ჩამონათვალი უკვე განთავსებულია. მასში 7103 მედიკამენტია შესული.
მედიკამენტებზე რეფერენტული ფასწარმოქმნის რეფორმა, რომელიც წამლების ფასების მაქსიმალური ზღვრის დაწესებას გულისხმობს, 2023 წლის 15 თებერვლიდან ამოქმედდა და ერთ წელიწადში რეგულაცია 6 ათასზე მეტ მედიკამენტს შეეხო. რეფორმის მიზანი მედიკამენტებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდაა.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ შედეგები, რასაც ისინი რეფორმის ფარგლებში გასული წლის დასაწყისში პროგნოზირებდნენ, გამართლდა და რეფერენტულ ფასებს დაქვემდებარებული წამლები საშუალოდ 40-45%-ით გაიაფდა.
ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორი ირაკლი მარგველაშვილი jandacva.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ ეს ჩამონათვალი მთელი ფარმაცევტული ბაზრის დაფარვას არ ნიშნავს, რადგან შესაძლოა ერთი მოლეკულა რამდენიმე დასახელების მედიკამენტის სახით იყოს წარმოდგენილი. ამასთან, მისი თქმით, სიიდან 55-მდე პრეპარატზე რეფერენტული ფასი ძალაში არ შესულა ან გასაჩივრებას ექვემდებარება. კითხვაზე, მოლეკულების მიხედვით, ბაზრის რა ნაწილზეა გავრცელებული რეფერენტულ ფასები, მარგველაშვილი აცხადებს, რომ ამაზე მას დაზუსტებული მონაცემი არ აქვს.
წყარო: bp.ge