„დღესვე შეგვიძლია სხვადასხვა კვალიფიკაციის 120-მდე კადრის დასაქმება აეროპორტების გაერთიანებაში“ – ირაკლი ქარქაშაძე

„2023 წელს საქართველოს აეროპორტებით ექვსმა მილიონმა ადამიანმა იმგზავრა, საიდანაც 1,7 მლნ მგზავრი ქუთაისის აეროპორტზე მოდის. მგზავრთა 27% იყო ქართველი, ხოლო 72% იყო უცხოელი მოგზაურები, ხოლო ჩამომფრენი და გამფრენი მოგზაურების წილი იყო 50-50-ზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი საავიაციო ბაზარი ვითარდება სწორად და ჩვენი ტურიზმი ვითარდება სტაბილურად“, – ამის შესახებ აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, გასულ წელს საქართველოში 9 ახალი ავიაკომპანია შემოვიდა და დღეის მდგომარეობით საქართველოში 50 ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც ფრენებს 108 მიმართულებაზე ასრულებენ. მათგან 10 ავიაკომპანია ევროპულია.
„ბაზარი არის დივერსიფიცირებული, რაც ჩვენი სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. განსაკუთრებით გამოვყოფდი კოპენჰაგენის მიმართულებას, რადგან სკანდინავია ჩვენთვის ახალი ბაზარია. ძალიან საინტერესო იყო ბარსელონა, მადრიდი, ბრიუსელის მიმართულებები, რადგან ევროპის ცენტრია და ამ მხრივ მნიშვნელოვანი მიმართულებებია“,- აღნიშნა ირაკლი ქარქაშაძემ.
როგორც მან განმარტა, მიმდინარე წელს საქართველოში შემოვა „ოსიან ეარვეისი“, რომელიც ვენა-თბილისის მიმართულებით იფრენს და ასევე „ტრანსავია“, რომელიც ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით იფრენს.
მან ასევე ისაუბრა ახალ აეროპორტებზე, რომელთა მშენებლობაც ქვეყანაში იგეგმება.
„თელავის აეროპორტი მნიშვნელოვანი განაცხადია, რომლითაც კახეთში ტურიზმის მეტად განვითარებას გვინდა შევუწყოთ ხელი. პირველ ეტაპზე ის ადგილობრივ მგზავრებზე იქნება ორიენტირებული, თუმცა მოთხოვნის შემთხვევაში, მზად ვართ მოვახდინოთ მისი ტრანსფორმაცია ისე, რომ შევძლოთ საერთაშორისო ფრენების უზრუნველყოფაც.
ასევე მნიშვნელოვანია მესტიის და ამბროლაურის როლიც. მესტიის აეროპორტისთვის მიმდინარეობს მიმდინარეობს კონკურსი ახალი სამგზავრო ტერმინალის პროექტირებასთან დაკავშირებით.
დამატებით, თბილისის აეროპორტთან დაკავშირებით რამდენიმე დიდ კვლევას ვატარებთ, რომელიც არსებული აეროპორტის განვითარებას ან მის რელოკაციას ეხება“, – განმარტა ირაკლი ქარქაშაძემ.
მისი თქმით, ავიაციის ქართულ ბაზარზე უმთავრესი გამოწვევა კადრების დეფიციტია.
„უმთავრესი გამოწვევა კადრების დეფიციტია. დღესვე შეგვიძლია სხვადასხვა კვალიფიკაციის 120-მდე კადრის დასაქმება ჩვენს კომპანიაში. კონკურსები მუდმივად მიმდინარეობს. გასულ წელს ჩვენ კონკურსით 78 ადამიანი შევარჩიეთ, თუმცა ეს პროცესი ძალიან რთულია და ძალიან დიდი რესურსი იხარჯება იმისთვის, რომ სწორი კვალიფიკაციის მქონე ადამიანები შევარჩიოთ. ამ საკითხისთვის ჩვენ შარშან მოვახდინეთ კომპანიის შიგნით რეფორმა და შევქმენით აკადემია, სადაც ნელ-ნელა ვამატებთ პროგრამებს“, – აღნიშნა ირაკლი ქარქაშაძემ.
როგორც მან განმარტა, ავიაკომპანია „ვიზეარს“ ასევე აქვს კადრების პრობლემა და მას დღესვე შეუძლია დაასაქმოს 48 მფრინავი, რომელთაგან 24 იქნება კაპიტანი და 24 პირველი მფრინავი. ამ დროისთვის კი ავიაკომპანიაში არცერთი ქართველი მფრინავი არ არის დასაქმებული.