ქიმწმენდების ზედამხედველობის მანდატი ორ უწყებაზეა – ბექა ფერაძე

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი, ბექა ფერაძე ამბობს, რომ ქიმწმენდებთან დაკავშირებული ახალი რეგლამენტის მიხედვით, ზედამხედველობის მანდატი ორ უწყებას აქვს.
კერძოდ, დასაქმებულთა უფლებების ნაწილში ობიექტებს შრომის ინსპექცია შეამოწმებს, ხოლო ჰაერში მავნე ნივთიერებების შემცველობის კონტროლზე პასუხისმგებელი გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი იქნება.
„ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით დამტკიცდა ახალი ტექნიკური რეგლამენტი ქიმწმენდის ობიექტების ექსპლუატაციის მიმართ. რეგლამენტის მიხედვით, ზედამხედველობის მანდატი ორ უწყებაზეა გადანაწილებული. პირველია შრომის ინსპექციის სამსახური, რომელიც საწარმოო ტერიტორიაზე დასაქმებულთა უფლებების დაცვას და ზედამხედველობას მოახდენს, ხოლო გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი კონტროლს გაუწევს ჰაერში მავნე ქიმიური ნივთიერებების შემცველობას“,- ამბობს ფერაძე.
მისივე განმარტებით, პირველი შემოწმებისას დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, ობიექტები გაფრთხილებას მიიღებენ, განმეორებით დარღვევაზე კი, დაჯარიმდებიან.
„შრომის ინსპექციის სამსახური მოახდენს როგორც გეგმურ, ისე არაგეგმურ მონიტორინგს. პირველ ეტაპზე, თუ რეგლამენტთან რაიმე ტიპის შეუსაბამობა გამოვლინდება, გამოყენებული იქნება გაფრთხილება, ხოლო განმეორებით შემთხვევაში კანონმდებლობა ითვალისწინებს შესაბამის სანქცირების მექანიზმს“,- აცხადებს შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი.